კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩამონგრეული კოშკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩამონგრეული კოშკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება

სააგენტო მიმდინარე წელსვე გამოაცხადებს შესყიდვის ტენდერს უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციის მიზნით, მიმდინარე წელსვე დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს, ხოლო დროისა და კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ წელსვე მოესწრება მისი რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კოშკი სააგენტოს იდენტიფიცირებული ჰქონდა, როგორც საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კულტური მემკვიდრეობის ძეგლი. ბექა ბარამიძის განმარტებით, წინასწარი ვარაუდით, კოშკის მდგომარეობა გადაუღებელმა წვიმებმა გააუარესა და შლის პროცესი გაააქტიურა.

„მინდა, აქვე დავარწმუნო ადგილობრივი თემი და კონკრეტულად ამ კოშკის მესაკუთრეები, რომ გადაუდებელი რეაბილიტაციის სახით სააგენტო უკვე მიმდინარე წელსვე გამოაცხადებს შესყიდვის ტენდერს, რათა სამუშაოები განვახორციელოთ. პირველ ეტაპზე ეს იქნება გაწმენდითი პროცესი, ხოლო სავარაუდოდ მიმდინარე წელს უმეტესწილ სამუშაოებს ჩვენ დავასრულებთ. მომავალი წლის გაზაფხულისთვის განვაახლებთ მის სრულფასოვან რეაბილიტაციის პროექტს. მსგავსად იმისა, როგორც ეს განვახორციელეთ შარშან სოფელ ქვიბიანში, ჩარკვიანების ჩამოშლილ კოშკზე და ის უკვე აღდგენილია, მსგავსად იმ მასშტაბური პროგრამებისა, რომელსაც ჩვენ უშუალოდ უშგულის თემში საცხოვრებელი კოშკებისა და მაჩუბების სრულფასოვან რეაბილიტაციაზე სრულდება ტენდერი, რომლის საფუძველზეც უკვე მიმდინარე წელსაც და მომავალ წელსაც განხორციელდება ეს ფართომასშტაბიანი პროექტი. ამავდროულად, სახელმწიფო უმსხვილესი პროგრამის ფარგლებში უკვე დავიწყეთ მესტიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 25 საცხოვრებელი კოშკის, მაჩუბისა და ერთი საკულტო ნაგებობის სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და ამას მოჰყვება უკვე ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა იმ იდენტიფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოშკის სრულფასოვანი სარეაბილიტაციო პროექტი, რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად მოვიცავთ მესტიის რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამ ავარიულ ყოფაში მყოფი ძეგლების ადეკვატურ რეაბილიტაციას“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ჩარქსელიანების კოშკი საცხოვრებლად არ გამოიყენებოდა.

„ის უშუალოდ მდებარეობს კერძო საკუთრების ეზოში და როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარე წელსვე დავიწყებთ მის გაწმენდით სამუშაოებს, ხოლო დროისა და კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ წელსვე მოესწრება მისი რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. დაჩქარებული პროცესით მისი აღდგენა შეუძლებელია, რამდენადაც დროთა განმავლობაში ის დაკარგავს მის ფიზიკურ მდგრადობას. ტენდერი აღნიშნული კოშკის რეაბილიტაციაზე არ ყოფილა“, – აღნიშნა ბექა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, სააგენტოს გააჩნია სვანეთის მაშტაბით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაახლოებით 170 საცხოვრებელი კოშკისა და მაჩუბის სია, რომლის მიხედვითაც გარკვეული პრიორიტეტულობით ეტაპობრივად დაიწყება სამუშაოები.

„უშგულის თემში მდებარე სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი გარკვეულწილად საჭიროებს იუნესკო-სთან მეთოდოლოგიურ და სამოქმედო გეგმის შეთანხმებას, რომლის კონტროლის ქვეშ ხორციელდება უშუალოდ ეს სარესტავრაციო პროცესები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად აღარ დაგვრჩება კრიტიკული მდგომარეობის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორც საცხოვრებელი, ასევე მაჩუბები და საკულტო ნაგებობები“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკი დღეს ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჩამოინგრა კოშკის ქონგურები და ორი სართული.