ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მეოთხე წრის სიმბოლურ გუნდი დაასახელა. ნაკრები 4-4-2 სისტემით არის შედგენილი და დიდი ნაწილი ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია.
ქუთაისელები “დინამოს” ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე 11 ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდმა ცხრა მატჩიდან რვა მოიგო და მხოლოდ გასვლაზე, გორის “დილასთან” წააგო. 26 ნოემბერს კი “ტორპედომ” “დინამო-არენაზე” უშუალო კონკურენტი თბილისის “დინამო” ბოლო ტურის დაპირისპირებაში 1:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სიმბოლურ ნაკრებში “ტორპედოს” ხუთი მოთამაშე მოხვდა – მეკარე როინ კვასხვაძე, მცველი გიორგი გურული, ნახევარმცველები გიორგი კუხიანიძე და ლევან კუტალია, ასევე თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე.
ორი ფეხბურთელი დინამოელია – ლაშა თოთაძე და ლევან გეგეჭკორი. ასევე ორი წევრით არის წარმოდგენილი “საბურთალო” – ნაკრებში თედორე გრიგალაშვილი და გიორგი ხარაიშვილი დაასახელეს. 1-1 ფეხბურთელი ჰყავთ “სამტრედიის” – ნიგერიელი ლეგიონერი მაიკლ ოლაიტანი და გორის “დილას” – დავით კირკიტაძე.