„ჩიხურამ“ ცხრა კაცით დარჩენილი „რუსთავი“ გაანადგურა
„ჩიხურამ“ ცხრა კაცით დარჩენილი „რუსთავი“ გაანადგურა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-12 ტურში „რუსთავმა“ საშინაო შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ საჩხერის „ჩიხურასთან“ დიდი ანგარიშით წააგო.

რუსთაველებს 34-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძე გამოეპარათ, რომელმაც ანგარიში გახსნა 0:1. 39-ე წუთზე რუსთაველები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის მამუკა კობახიძე გაუძევეს. საჩხერელებმა რიცხობრივი უპირატესობით კიდევ ერთხელ ისარგებლეს და მე-40 წუთზე გიორგი გაბედავამ მეტოქის კარი მეორედ აიღო.

რუსთაველებს პირველი ტაიმის დასრულებისთანავე კიდევ ერთი მოთამაშე გაუძევეს – თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე და ყველაფერი ნათელი გახდა. მეორე ნახევარში გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა (66-ე წუთი), 79-ე წუთზე კი გიორგი ბუხაიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:4.

ამ მოგებით „ჩიხურამ“ 22 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო 14 ქულით „რუსთავი“ მეექვსე პოზიციაზეა.