„ჩიხურამ“ მეორე ნახევარი მოგებით დაიწყო, „კოლხეთმა“ წაგებით
„ჩიხურამ“ მეორე ნახევარი მოგებით დაიწყო, „კოლხეთმა“ წაგებით

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-19 ტური დასრულდა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მატჩი გადაიდო, ამიტომ დღეს მხოლოდ ერთი თამაში გაიმართა – საჩხერეს „ჩიხურამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გათამაშების აუტსაიდერი „კოლხეთი“ მოედანზე ახალი მწვრთნელის, რობერტო ლანდის ხელმძღვანელობით პირველად გავიდა. განახლებული „კოლხეთი“ მე-17 წუთზე ილია მიხალიოვმა დააწინაურა 0:1, მაგრამ შემდეგ მოვლენები ფოთელებისთვის არასასურველი სცენარით განვითარდა. „ჩიხურამ“ წონასწორობა მალე აღადგინა: მე-20 წუთზე თავი ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინა 1:1.

შესვენებამდე, 43–ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ სტუმართა კარი მეორედ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ დააფიქსირა – „ჩიხურამ“ 3:1 მოიგო.

საჩხერელებმა 34 ქულა დააგროვეს, ზუსტად იმდენი, რამდენიც „დილამ“, მაგრამ საჩხერელები მეტი მოგების ხარჯზე მესამე ადგილზე დაწინაურდნენ. თუმცა, გორელებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.