სტუმართა დღე ეროვნულ ლიგაში [ვიდეო]

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-20 ტური ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა თამაშებით დასრულდა, ორივე დაპირისპირებაში კი სტუმრებმა იმარჯვეს.

„მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისური დერბი გაიმართა. „ლოკომოტივმა“ თბილისის „დინამო“ მიიღო და 2:4 დამარცხდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ (14, 34, 48 წუთები), რომელმაც მეოთხე გოლის ავტორს, დმიტრო ივანისენიას საგოლე პასი გაუკეთა. „ლოკომოტივიდან“ ორივე გოლი მამია გავაშელიშვილის (57-ე და 77-ე წუთები) ანგარიშზეა.

ასევე სტუმრების გამარჯვებით დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სადაც „დილამ“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ირაკლი ბუღრიძისა და გიორგი გაბედავას გოლებით საჩხერლები პირველივე ტაიმში 0:2 დაწინაურდნენ, 88-ე წუთზე გორელთა მცველმა ერიკს სანტოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 90+5-ე წუთზე „დილას“ თავდამსხმელმა ლეანდრო რიბეირომ პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 „ჩიხურას“ სასარგებლოდ.

გათამაშებას 49 ქულით „საბურთალო“ ლიდერობს, მეორეზე 44 ქულით თბილისის „დინამოა“, „ჩიხურამ“ კი ამ მოგებით (37) უშუალო კონკურენტ „დილას“ სამი ქულით გადაასწრო და მესამეზეა.