დოდო გუგეშაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა როგორც ექიმებმა დაგვიდასტურეს, პალატაში დღეს გადაიყვანენ, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
„შევხვდით ექიმებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმე და სტაბილურია, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია და ჯერ არ გადმოუყვანიათ პალატაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია. არ ვიცი დღეს დაკითხავენ თუ არა. როგორ იქნება და როგორი ადექვატურობა ექნება. ჩვენ ვიცით, რომ დღეს გადაიყვანენ პალატაში. ეს ექიმებმა ჩვენ დაგვიდასტურეს“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
არსებული ინფორმაციით, გუგეშაშვილს სწორედ პალატაში გადაყვანის შემდეგ დაკითხავენ და გამომძიებლები უშუალოდ მისგან მოისმენენ, რა მოხდა 7 თებერვალს გუგეშაშვილის სახლში.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმი გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.
სატელეფონო საუბრისას კი კლინიკის წარმომადგენლებმა პირველ არხს განუცხადეს, რომ გუგეშაშვილი დღის ბოლომდე რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება და პალატაში გადაყვანის კონკრეტული დრო ჯერ უცნობია, რადგან მას მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.