დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც მისმა ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, დაკავებულს ბრალი წაუყენეს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობისთვის.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს, საქმესთან ყოველგვარ შემხებლობას უარყოფს. ჩვენ ამ დრომდე არ გადმოგვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებილებებია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ. ეჭვი მეპარება, პირდაპირი მტკიცებულების მსგავსი ჰქონდეთ. ჯერჯერობით, ამოცნობა არ ჩატარებულა. დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობდა, არც შეხვედრია. დროებით უმუშევარი იყო და ორი წლის წინ სადაც ცხოვრობდა, დღესაც ცხოვრობს იქ. არსად არ მიმალულა და გაქცეულა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დასამალი არ ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.