პირველ არხსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირველ არხსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პირველ არხსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, მემორანდუმის გაფორმებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ფორმატში გადადის.

„ორივე მხარემ მთელი რიგი ვალდებულებები ავიღეთ, თუმცა სინამდვილეში, ეს ქვეყნის წინაშე ვალდებულებებს გულისხმობს. ვეტერანთა სამსახურში არსებობს დიდი ცოდნა, გამოცდილება, მათ დიდი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის თავდაცვის საქმეში. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მოვალეობაა, ხელი შეუწყოს სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ამ ადამიანებს ხშირად დავინახავთ ეკრანებზე. ისინი თავის გამოცდილებასა და მსოფლმხედველობას გაუზიარებენ მაყურებელს. ამავე დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლა უკვე ელექტრონული ჟურნალი არსდება, თანდათან ვემზადებით ამ თემატიკის გადაცემისთვისაც“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ მემორანდუმით მხარეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ არხთან ისედაც გვაკავშირებს მეგობრობა, დღევანდელი მემორანდუმით ურთიერთობები უფრო გაფართოვდება და ჩვენი მეგობრობა უფრო გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამსახურისთვის, არამედ ყველა ვეტერანისთვის, უპირველეს ყოვლისა კი, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვეტერანების, იმ ხალხის გამოცდილების გაზიარება, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას ქმნიდნენ, ქართველი ახალგაზრდების პატრიოტულად აღზრდაში გამოგვადგება“, – აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ.