ყაზახეთის ქალაქ აქტობეში დემონსტრანტებმა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში დემონსტრანტებმა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ყაზახეთის ქალაქ აქტობეში დემონსტრანტებმა რაიონული ამდინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აქციის მონაწილეები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რაიონულ ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ, დილით მათ შენობის ფანჯრების მინები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეჭრა სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა ძალოვანებმა მათ დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ასევე ადგილზეა სასწრაფო დახმარების მანქანები.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, არიან დაშავებულები. აქტობეში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ისევე როგორც სხვა ქალაქებში, შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ყაზახეთის ქალაქებში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეოები ვრცელდება. ქალაქ ალმათიში ცეცხლმოკიდებული სპეცტექნიკა ჩანს. დემონსტრანტები არიან შეკრებილი ყაზახეთის სხვა ქალაქების ქუჩებშიც, მათ შორის აქტაუსა და ჟანაოზენში. ყაზახეთში აქციის მონაწილეები ხელისუფლების სრულად შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ მთავრობის გადადგომა და ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლა მოითხოვეს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და გამოვიდა წინადადებით, რომ მომდევნო 180 დღის განმავლობაში კომუნალურ სერვისებზე გადასახადები არ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, აქციები ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება. ალმათის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და მოქმედებს კომენდანტის საათი.