მედიის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორ კომპანიას „შტაზის“ ყოფილი აგენტი და პუტინის მეგობარი უხელმძღვანელებს
რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორ კომპანიას „შტაზის“ ყოფილი აგენტი და პუტინის მეგობარი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გერმანული „დერ სტანდარტი“ იუწყება.
ჟურნალისტების ცნობით, საუბარია მათიას ვარინგზე, რომელიც 1981-დან 1990 წლამდე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
„1990 წელს ვარინგი „დრეზდენერ ბანკში“ გადავიდა, რომლის წარმომადგენლობაც 1991 წელს სანკტ პეტერბურგში გაიხსნა. ამ დროს ვლადიმერ პუტინი პეტერბურგში მუშაობდა“, – წერს „დერ სტანდარტი“.
კიდევ ერთი გერმანული გამოცემა „ველტის“ ინფორმაციით, „ვარინგი პუტინს ეხმარებოდა 1993 წელს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის მეუღლე, ლუდმილა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
„ლუდმილას ოპერაციის ხარჯები „დრეზდენერ ბანკმა“ დაფარა“, – წერს „ველტი“.
2006 წლიდან ვარინგი გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადის“ ოპერატორ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ის, ასევე, არის რუსული კომპანია „ტრანსნეფტის“, ბანკ „ვითიბისა“ და რუსული ნავთობგიგანტის „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012 წელს პუტინმა მათიას ვარინგი „საპატიო ორდენით“ დააჯილდოვა.