რობერტა მეცოლა - უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის პუტინსა და ლუკაშენკოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
რობერტა მეცოლა - უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის პუტინსა და ლუკაშენკოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის პუტინსა და ლუკაშენკოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სპეციალურ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობერტა მეცოლას თქმით, რუსეთმა დაიწყო სასტიკი და არაპროვოცირებული ომი სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მისი დემოკრატიული არჩევანისთვის, ამიტომ მთელი ევროპა უკრაინის გვერდით დგას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და მზადაა, უკრაინელ ხალხს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს.

„ევროპარლამენტის სახელით კატეგორიულად ვგმობ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და გამოვხატავ სოლიდარობას ყველას მიმართ, ვინც დაზარალდა ან დაიღუპა. ევროპის გზავნილი ძალიან მკაფიოა – ჩვენ თქვენ გვერდით ვიდგებით, თვალს არ ავარიდებთ, როცა ქუჩაში ვიღაც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის და აჩერებს პუტინის უზარმაზარ საომარ მანქანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციას და უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას. ჩვენ მას სასამართლო პასუხისმგებლობას დავაკისრებთ, ისევე როგორც ლუკაშენკოს“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ახლა მთელი ევროპა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის და საკუთარი ქვეყნის არსებობისთვის, ყველა ევროპელისთვის შთაგონების წყაროა, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებები და ცხოვრების წესი დაცული უნდა იყოს.

რობერტა მეცოლა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხსაც გამოეხმაურა: „ევროპა მზად არის წინსვლისთვის. ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენი რეზოლუციაში ნათლად არის აღნიშნული, რომ მივესალმებით უკრაინის მხრიდან განაცხადის წარდგენას, გახდეს კანდიდატი ქვეყანა და ვიმუშავებთ ამ მიზნის მისაღწევად, რადგანაც ვიქნებით და შევხვდებით მომავალს ერთად“.

ამასთან, რობერტა მეცოლამ გამოყო ოთხი მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ წამოჭრილი უსაფრთხოების ამჟამინდელი გამოწვევების ფონზე. მისი თქმით, პირველ რიგში ევროკავშირმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე, მეორე – უარი უნდა თქვას კრემლიდან მომავალ ფულზე და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქებმა ვერ შეძლონ ევროპაში საკუთარი მსყიდველობითი უნარის გამოყენება, მესამე – ევროპამ ინვესტიციები უნდა ჩადოს თავდაცვაში და მეოთხე – გაძლიერდეს ბრძოლა კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ.