უკრაინა უცხოეთში მცხოვრები 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, რომელთაც სამხედრო სამსახურში გაწვევა ეხებათ, საკონსულო მომსახურებას ზღუდავს
უკრაინა უცხოეთში მცხოვრები 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, რომელთაც სამხედრო სამსახურში გაწვევა ეხებათ, საკონსულო მომსახურებას ზღუდავს

უკრაინა უცხოეთში მცხოვრები 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის საკონსულო მომსახურებას ზღუდავს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გამოცემის ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი მამაკაცებისთვის საკონსულო მომსახურება 23 აპრილიდან შეიზღუდება. უკრაინული მედიის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქე მამაკაცებს, რომელთაც სამხედრო სამსახურში გაწვევა ეხებათ და უცხო ქვეყნებში იმყოფებიან, საკონსულო მხოლოდ სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დოკუმენტებს გაუფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის მთავრობას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო უწყების განკარგულებაში განმარტებულია, რომ შეზღუდვა ძალაში დარჩება უკრაინაში მობილიზაციის გამკაცრების შესახებ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების მიღებამდე.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო კანონი მობილიზაციის გამკაცრების შესახებ. შემდეგ მას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა. კანონი მაისის შუა რიცხვებში უნდა შევიდეს ძალაში.