მედიის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროპელ მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობდა
მედიის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროპელ მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობდა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროპელ მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობდა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დახმარებით, დანიის საკომუნიკაციო კაბელებს იყენებდა ინფორმაციის შესაგროვებლად გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის მაღალჩინოსნებზე, მათ შორის გერმანიის კანცლერზე.

გამოძიებაში, რომელიც აშშ-ის სააგენტოსგან ფარულად მიმდინარეობდა, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის შიდა სამუშაო ჯგუფი, ოთხ ჰაკერთან და რამდენიმე ანალიტიკოსთან ერთად ატარებდა და აშშ-დანიის სპეცსამსახურების სპეციფიკურ თანამშრომლობას სწავლობდა.

შესაბამისი ჯგუფის მიერ საიდუმლო დასკვნა 2015 წელს მომზადდა, რომელიც სპეცსამსახურების მიერ 2012-2014 წლებში განხორციელებულ საქმიანობას მოიცავდა და დანიის დაზვერვის სამსახურს გადაეცა. აღნიშნული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (DR) შვედურ (SVT), ნორვეგიულ(NRK) და გერმანულ (NDR, WDR) ტელეკომპანიებთან ერთად და ფრანგულ გამოცემასთან (Le Monde) თანამშრომლობით გამოაქვეყნა.

ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეხვედრა გამართა ცხრა სხვადასხვა წყაროსთან, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა. ყველა მათგანმა დაადასტურა გამოქვეყნებული მონაცემების სინამდვილე. გამოძიების მიხედვით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დანიის ინტერნეტკაბელების საშუალებით, წვდომა მიიღო მთელ ციფრულ ინფორმაციაზე, დაწყებული შეტყობინებებით, დამთავრებული სატელეფონო საუბრებით.

მედიის ინფორმაცით, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო თვალთვალს ახორციელებდა ანგელა მერკელზე, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერზე მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში და კანცლერობის კანდიდატზე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, პერ შტაინბრუკზე.

გარდა ამისა, თვალთვალი მიმდინარეობდა ნორვეგიის, შვედეთის და საფრანგეთის მაღალჩინოსნებზეც.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2020 წელს კალიფორნიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამერიკის მოქალაქეებზე განხორციელებულ მასობრივ თვალთვალში, კერძოდ, სატელეფონო საუბრების მიყურადებასა და ელექტრონული ფოსტის შემოწმებაში.