აშშ-ში ყოფილ დიპლომატს ბრალი წაუყენეს ათწლეულების განმავლობაში კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში
აშშ-ში ყოფილ დიპლომატს ბრალი წაუყენეს ათწლეულების განმავლობაში კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

აშშ-ში ბრალი წაუყენეს ყოფილ ელჩს ათწლეულების განმავლობაში კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიქტორ მანუელ როჩას, რომელიც 2000 წლიდან 2002 წლამდე იყო აშშ-ის ელჩი ბოლივიაში, ბრალად ედება მრავალი ფედერალური დანაშაულის ჩადენა, მათ შორის თაღლითურად მოპოვებული პასპორტის გამოყენება.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიქტორ მანუელ როჩა მსახურობდა კუბის მთავრობის აგენტად და მოიპოვებდა აშშ-ის მთავრობაში არასაჯარო ინფორმაციაზე წვდომას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებაში ნათქვამია, რომ 73 წლის როჩა დააკავეს და, სავარაუდოდ, ორშაბათს მაიამის ფედერალური მოსამართლის წინაშე წარდგება.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, როჩა სახელმწიფო დეპარტამენტში 1981 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა. ის იყო თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში 1994 წლიდან 1995 წლამდე და მუშაობდა აშშ-ის სამხედრო სამხრეთ სარდლობის მეთაურის მრჩევლად 2006 წლიდან 2012 წლამდე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ შეუძლია დეტალების მიწოდება სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ მიმდინარე საკითხზე.

„ჩვენ უახლოეს დღეებში, კვირებში, თვეებში ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, სადაზვერვო სამსახურებთან, რათა შევაფასოთ ნებისმიერი გრძელვადიანი გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მილერმა ბრიფინგზე.