მარკ რუტე – უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგები ერთ თვეში თითქმის უტოლდება 14 წლის განმავლობაში ვიეტნამის ომში აშშ-ის დანაკარგებს

13:37, 12.11.2026

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის არმია ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავს დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. მისი თქმით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 50 ათასსაც გადასცდა. ამის შესახებ რუტემ ატლანტიკური მომავლის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამში 14 წლის განმავლობაში 56 ათასი სამხედრო დაკარგა. აქ კი რუსეთს ერთ თვეში 40 ათასი დაღუპული ან მძიმედ დაჭრილი ჰყავს. წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ეს რიცხვი, შესაძლოა, 50 ათასზე მეტიც ყოფილიყო. 50 ათასი ერთ თვეში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რუტეს შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე წარუმატებელია და უკრაინის წინააღმდეგ სამოქალაქო მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ცდილობს უკრაინელების წინააღმდეგობის გატეხას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთი ევროპის ქვეყნებში ჰიბრიდული თავდასხმების გააქტიურებაშიც დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მოსკოვი დივერსიებით, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტებითა და კიბერშეტევებით ცდილობს დასავლეთის ერთიანობის დარღვევასა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას.

„ყოველ რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმას ჩვენს ქვეყნებზე უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით ვპასუხობთ“, – განაცხადა რუტემ.

მსგავსი