მეცნიერებმა ინფარქტგადატანილ თაგვებს გულის კუნთის დაზიანებული უჯრედები აღუდგინეს და გაუმრავლეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ინფარქტგადატანილ თაგვებს გულის კუნთის დაზიანებული უჯრედები აღუდგინეს და გაუმრავლეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელსაც შეუძლია გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) შემდეგ დაზიანებული გულის კუნთის უჯრედების აღდგენა და სრულიად განახლებაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ თაგვებზე გატესტეს, თუკი ადამიანებზეც იმავენაირად იმუშავა, შეიძლება მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს გულის შეტევის შემდეგ.

მეთოდი იყენებს სინთეტიკურ ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავას (mRNA). mRNA დნმ-ის იმ მიმდევრობათა ერთგვარ „შუქპირს“ ქმნის, რომლებსაც სხეული ჩვენი უჯრედების მარეგულირებელი ცილების წარმოსაქმნელად იყენებს. mRNA-ს შესწორების გზით, მეცნიერებს შეუძლიათ სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესს სხვადასხვა ინსტრუქცია მიაწოდონ.

ამ შემთხვევაში, შესწორებული ინსტრუქციები გულის კუნთის უჯრედების გამრავლებას ხელს უწყობს ორი ე. წ. მუტირებული ტრანსკრიფციის ფაქტორის, Stemin-ისა და YAP5SA-ის მეშვეობით.

არსებითად, იდეა მდგომარეობს გულის კუნთის უჯრედების წარმოქმნაში, რომლებსაც რეგენერაციის ძალიან სუსტი უნარი აქვთ და უფრო მეტად ღეროვანი უჯრედების მსგავსად მოქმედებენ, რომელთა გარდაქმნაც ორგანიზმს სხვადასხვა სახის სპეციალიზებულ უჯრედებად შეუძლია.

„ამ მასშტაბით ამის გაკეთება ვერავინ შეძლო და ვფიქრობთ, ის ადამიანებისთვის შესაძლო მკურნალობის საშუალება უნდა გახდეს“, — ამბობს ჰიუსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგი რობერტ შვარცი.

ზრდასრული ადამიანის გულის კუნთის უჯრედების მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებს შეუძლია რეგენერაცია (აღდგენა) — წარმოიდგინეთ, სიკვდილისას, ჩვენ ეს უჯრედები (კარდიომიოციტები) ძირითადად იგივე გვაქვს, რაც დაბადებიდან პირველ თვეებში ჩამოგვიყალიბდა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულის შეტევამ და გულის დაავადებებმა ეს ორგანო შეიძლება მუდმივად სუსტ, მყიფე მდგომარეობაში დატოვოს.

როგორც თეფშზე ქსოვილის კულტურაში, ისე ცოცხალ თაგვებში ჩატარებულ ექსპერიმენტებში, Stemin-მა აჩვენა, რომ კარდიომიოციტებში შეიძინა ღეროვანი უჯრედის მსგავსი თვისებები, YAP5SA-მ კი ხელი შეუწყო ორგანოს ზრდას და რეპლიკაციას. მკვლევართა ჯგუფი ამ პროცესს „თამაშის წესების შემცვლელს“ უწოდებს.

in vivo კვლევაში ჩართული იყვნენ დაზიანებული გულის მქონე ცოცხალი თაგვები, რომლებსაც მუტირებული ტრანსკრიფციის ფაქტორების, Stemin-ისა და YAP5SA-ს შეყვანიდან 24 საათში სულ მცირე 15-ჯერ გაეზარდათ მიოციტის ბირთვების რეპლიკაცია.

„როდესაც ინფარქტგადატანილ ზრდასრულ თაგვებს გულში ტრანსკრიფციის ორივე ფაქტორი შევიყვანეთ, შედეგებმა გაგვაოცა. ლაბორატორიამ აჩვენა, რომ გულის კუნთის უჯრედები სწრაფად გამრავლდა ერთ დღეში, შემდეგ ერთ თვეში კი მათი გულები თითქმის ნორმალურ ფუნქციამდე აღდგა, დარჩა მხოლოდ მცირე ნაწიბურები“, — ამბობს შვარცი.

მკვლევართა განცხადებით, უჯრედებს დამატებული სინთეტიკური mRNA რამდენიმე დღეში გაქრა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენივე ორგანიზმის მიერ წარმოებული mRNA. ეს კი ახალ თერაპიას უპირატესობას აძლევს გენური თერაპიის პროცესებთან მიმართებაში, რომელთა შეჩერება ან გაუქმება მიმდინარეობისას ადვილი არ არის.

ჯერ უცნობია, ასეთივე წარმატებული აღმოჩნდება თუ არა ეს მიდგომა ადამიანებზე. ეფექტიან სამკურნალო საშუალებად დანერგვამდე მას ალბათ მრავალი წლის მუშაობა და კვლევა დასჭირდება, მაგრამ მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება.

კვლევა Journal of Cardiovascular Aging-ში ორ პუბლიკაციად გამოქვეყნდა.

მომზადებულია uh.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.