პრეპარატის ცდისას, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პაციენტი კიბოსგან განიკურნა — #1tvმეცნიერება
პრეპარატის ცდისას, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პაციენტი კიბოსგან განიკურნა — #1tvმეცნიერება

სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობაში ძლიერ იმედისმომცემი ძვრებია — აშშ-ში ექსპერიმენტულ პრეპარატზე ჩატარებული მცირე ცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პაციენტის კიბო წარმატებით გადავიდა რემისიაში.

პრეპარატი, სახელად დოსტარლიმაბი, რომლის ბრენდული სახელიც ბაზარზე არის „ჯემპერლი“, წარმოადგენს იმუნოთერაპიულ მედიკამენტს, რომელსაც საშვილოსნოსშიგნითა (ენდომეტრიული) კიბოს სამკურნალოდ იყენებენ; კლინიკურად პირველად შეამოწმეს, იქნებოდა თუ არა ის ასევე ეფექტიანი სწორი ნაწლავის სიმსივნის წინააღმდეგ.

ადრეული შედეგები მიუთითებს, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის ეფექტიანია. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ცდაში მონაწილე ყველა პაციენტში დაფიქსირდა კიბოს წარმატებული რემისია, რა შეიძლება უპრეცედენტო იყოს კიბოს პრეპარატების კვლევებში.

„ვფიქრობ, კიბოს ისტორიაში ეს პირველად მოხდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, აშშ-ის სლოუნის სახელობის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის (MSK) ონკოლოგი ლუის დიასი.

უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი შედეგები მხოლოდ 12 პაციენტში დაფიქსირდა (კვლევა გრძელდება), რომელთაგან ყველას ჰქონდა სიმსივნე გენეტიკური მუტაციებით, სახელად დაუმთხვეველი რეპარაციის დეფიციტი (MMRd), რაც სწორი ნაწლავის კიბოს პაციენტთა 5-10 პროცენტში ფიქსირდება.

ასეთი კიბოს მქონე პაციენტები ნაკლებად რეაგირებენ ქიმიოთერაპიასა და რადიაციული სხივებით მკურნალობაზე, რაც ზრდის სიმსივნის ქირურგიულად ამოკვეთის საჭიროებას.

თუმცა, MMRd მუტაციებმა კიბოს უჯრედები შეიძლება უფრო მოწყვლადი გახადის იმუნური პასუხის მიმართ, განსაკუთრებით კი თუ მას აძლიერებს იმუნოთერაპიული აგენტი — ამ შემთხვევაში ორიენტირი ინჰიბიტორი, რომელიც იმუნურ უჯრედებს შეზღუდვებისგან ათავისუფლებს და შესაბამისად, ისინი უფრო ეფექტიანად კლავენ კიბოს უჯრედებს.

„როდესაც სიმსივნეში ასეთი მუტაციები აკუმულირდება, ისინი იმუნურ სისტემას ასტიმულირებენ, რომელიც შემდეგ მუტაციებით გაჟღენთილ კიბოს უჯრედებს ესხმის თავს. ვიფიქრეთ, რომ ის მკურნალობის პირველ ჯერზე მოგვესინჯა, ვიდრე მეტასტაზები გამოჩნდებოდა“, — ამბობს დიასი.

როგორც წესი, სწორი ნაწლავის ამ სახის კიბოს მქონე პაციენტებს კიბოს ქირურგიულად ამოკვეთამდე ჯერ ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას უტარებენ. სამწუხაროდ, მრავალი პაციენტისთვის ამ სახის მკურნალობას თან ახლავს შედეგები, რომლებიც შეიძლება მთელი მათი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდეს.

„სწორი ნაწლავის კიბოს სტანდარტული მკურნალობა ქირურგიული ჩარევით, რადიაციით და ქიმიოთერაპიით, ხშირად ადამიანებისთვის ძალიან რთულია და ამის მიზეზი სიმსივნის ადგილმდებარეობაა. შეიძლება განუვითარდეთ ნაწლავებისა და შარდის ბუშტის დისფუნქცია, შეუკავებლობა, უნაყოფობა, სექსუალური დისფუნქცია და ა. შ.“, — ამბობს MSK-ის სამედიცინო ონკოლოგი ანდრეა სერსეკი.

გასაოცარი იღბლის წყალობით, ამ ცდაში მონაწილე ყველა პაციენტმა თავი აარიდა ამ ორივე პროცედურას და მათთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს.

კლინიკური ცდების მეორე ფაზაში, პაციენტებს ექვსი თვის განმავლობაში, სამ კვირაში ერთხელ აძლევდნენ დოსტარლიმაბს; სტანდარტული ქიმიოთერაპია და ქირურგიული ჩარევა იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სიმსივნე დაბრუნდებოდა. ასე არ მოხდა.

შემდეგ ექვს თვეში, ცდაში მონაწილე თორმეტივე პაციენტმა აჩვენა „კლინიკურად სრულყოფილი პასუხი“, კიბოს ნიშნები აღარ ჩანდა არც მაგნიტო-რეზონანსულ სკანირებებში (MRI), არც PET სკანირებებსა და ენდოსკოპიაში, არც ბიოფსიაში და არც სხვა დანარჩენ კვლევაში.

„დოქტორმა სერსეკმა მითხრა, რომ ჩემი ტესტის პასუხები ექიმების ჯგუფმა შეამოწმა. ვინაიდან მათ კიბოს ნიშნების პოვნაც კი ვერ შეძლეს, დოქტორმა სერსეკმა მითხრა, რომ სხივური თერაპია საჭირო აღარ იყო“, — ამბობს ცდების მონაწილე ერთ-ერთი პაციენტი საშა როთი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა, რომელსაც მრავალი ორგანიზაცია აფინანსებს, მათ შორის „ჯემპერლის“ მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline — ჯერ დასრულებული არ არის და ჩვენ მხოლოდ წინასწარ შედეგებზე ვსაუბრობთ.

ამ მომენტისთვის, მკურნალობის კურსი თორმეტივე პაციენტმა დაასრულა და გაიარა სულ მცირე ექვსთვიანი დაკვირვების პერიოდი.

პაციენტთა დაახლოებით სამ-მეოთხედს აღენიშნა მსუბუქი ან საშუალო გვერდითი ეფექტები, მათ შორის, გამონაყარი, ქავილი, დაღლილობა და ღებინება — მაგრამ არც ერთ მათგანს არ აღენიშნა კიბოს ხელახლა ზრდა; დაკვირვების საშუალო პერიოდი ერთი წელია, კონკრეტულად საშა როთი და რამდენიმე სხვა პაციენტი კი უკვე ორი წელია, კიბოსგან თავისუფალია.

საბოლოო ჯამში, კვლევა 30 პაციენტამდე გაფართოვდება. როდესაც მონაცემები მთელ ჯგუფზე გვექნება, ხელში გვექნება სრული სურათი იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ეს პრეპარატი სწორი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებში, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა გაცილებით დიდი კვლევა პაციენტთა უფრო დიდ ჯგუფებზე.

„იქამდე კი საჭიროა, ამჟამინდელ შედეგებს ოპტიმისტურად და სიფრთხილით მოვეკიდოთ“, – ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ონკოლოგი ჰანა სანოფი.

მისი განცხადებით, მკურნალობაზე სრული კლინიკური პასუხი კიბოს გრძელვადიანი კონტროლის შემცვლელი არ არის, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, რომ შეიძლება, დოსტარლიმაბის მსგავსი ორიენტირი ინჰიბიტორების ეფექტი წლობით გაგრძელდეს, კიბოს ხელახლა ზრდას ზოგადად მაინც უნდა ველოდეთ მცირე ოდენობით პაციენტებში, რომლებშიც სიმსივნეები არაოპერაციულად იმართება, როგორც ასეთი ექსპერიმენტული მკურნალობის შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა, იმედი მაინც დიდია. მკვლევრები უკვე იკვლევენ, როგორ მოარგონ მკურნალობის საკუთარი მეთოდი სხვა ისეთ სიმსივნეებს, რომლებსაც ასევე აქვს MMRd მუტაციები, მაგალითად, კუჭის, პროსტატის და პანკრეასის კიბოების გარკვეულ ტიპებს.

კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mskcc.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.