არაინვაზიური, ულტრაბგერის მეთოდით მეცნიერებმა ვირთხებში ღვიძლის კიბო მოსპეს — #1tvმეცნიერება
არაინვაზიური, ულტრაბგერის მეთოდით მეცნიერებმა ვირთხებში ღვიძლის კიბო მოსპეს — #1tvმეცნიერება

ღვიძლის კიბოთი დაავადებულ ვირთხებზე ჩატარებული ცდებით, ახალი, არაინვაზიური მეთოდის ეფექტიანობა დადასტურდა.

ფოკუსირებული ულტრაბგერის გამოყენებით, მეცნიერებმა ღვიძლის სიმსივნის მოცულობის 75 პროცენტის განადგურება შეძლეს. მკურნალობის ამ მეთოდმა მოქმედებაში მოიყვანა იმუნური სისტემაც, რომელმაც კიბოს დანარჩენი ნაწილი მოსპო.

მკვლევართა განცხადებით, ცდაში მონაწილე ცხოველთა 80 პროცენტში კიბო განადგურდა, სამთვიანი დაკვირვებების დროს კი არ გამოვლენილა არანაირი მეტასტაზი ან რეციდივი.

ამ მეთოდს ჰისტოტრიფსია ეწოდება და მისი ცდებია ამჟამად მიმდინარეობს ღვიძლის კიბოთი დაავადებულ ადამიანებზე.

„ჰისტოტრიფსია იმედისმომცემი ვარიანტია, რომელსაც შეუძლია დაძლიოს ამჟამად ხელმისაწვდომი აბლაციური (კიბის მოკვეთა) მოდალობების შეზღუდვები და უზრუნველყოს ღვიძლის კიბოს უსაფრთხო და ეფექტიანი, არაინვაზიური მოცილება“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი ტეიასვი ვორლიკერი.

მკვლევარს იმედი აქვს, რომ ამ კვლევით მიღებული გამოცდილება მოტივაციას მისცემს სამომავლო პრეკლინიკური და კლინიკური ჰისტოტრიფსიის კვლევებს, რომელთა საბოლოო მიზანიც ჰისტოტრიფსიის, როგორც ღვიძლის კიბოს სამკურნალო საშუალების კლინიკური დანერგვაა.

ჰისტოტრიფსია მიჩგანის უნივერსიტეტში შეიქმნა და განვითარდა და ეს მეთოდი ახალ იმედს სთავაზობს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფორმით დაავადებულ პაციენტებს: ამჟამად, აშშ-ში ამ დიაგნოზის პაციენტთა მხოლოდ 18 პროცენტი ცოცხლობს დიაგნოზის დასმიდან ხუთ წლამდე.

მეთოდი იყენებს ულტრაბგერის გადამცემს, არა ისეთს, რომელიც შინაგან ორგანოთა ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება, არამედ ისეთს, რომელიც ფიზიკურად ანადგურებს სიმსივნურ ქსოვილებს.

მოქმედებს ულტრაბგერული კავიტაციის (ღრუს წარმოქმნა) გზით — დაახლოებით ისე, ჭარბწონიან ადამიანებში ცხიმოვანი უჯრედების არაინვაზიურად დაშლის მეთოდი. ულტრაბგერის ტალღებს იმ ზონისკენ მიმართავენ, რომლის მკურნალობაც არის საჭირო; ვიბრაციები სამიზნე ქსოვილში ციცქნა ბუშტებს წარმოქმნიან. ამ ბუშტების გახეთქვისას ზიანდება ქსოვილიც და ნადგურდება სიმსივნის ეს ნაწილი.

მთლიანი კიბოს მიზანში ამოღება ხშირად შეუძლებელია. მასების პოზიციონირება, მათი ზომა და სტადია გავლენას ახდენს, უსაფრთხოა თუ არა ჰისტოტრიფსის მთელ სიმსივნეზე გამოყენება.

თუმცა, ნაწილობრივი მკურნალობაც კი, ცდაში მონაწილე ვირთხების 81 პროცენტში რეგრესიით დასრულდა. შედარებისათვის — საკონტროლო ვირთხების 100 პროცენტში კიბოს პროგრესი აღინიშნა.

„ჩვენი გადამცემი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტში შეიქმნა, გამოსცემს მაღალი ამპლიტუდის მიკროწამის სიგრძის ულტრაბგერით პულსებს — აკუსტიკურ კავიტაციას — რათა ფოკუსში ამოიღოს და გაანადგუროს კონკრეტულად კიბო. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მთლიანი კიბო არ ამოვიღეთ მიზანში, სიმსივნის რეგრესი მაინც მოხდა და შემცირდა სამომავლო მეტასტაზების რისკიც“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი ჟენ სუ.

კვლევის მიზნით, ლაბორატორიის 22 ვირთხას ღვიძლის კიბო გადაუნერგეს. ნახევარი საკონტროლო ჯგუფად დატოვეს, დანარჩენ 11-ს კი ჰისტოტრიფსიით უმკურნალეს, მიზანში ამოიღეს სიმსივნის მთლიანი მოცულობის 50-დან 75 პროცენტამდე.

გარდა ამისა, სამ ვირთხას უფრო ნაკლებად უმკურნალეს, ანუ ჰისტოტრიფსიით მიზანში ამოიღეს სიმსივნის მოცულობის მხოლოდ 25 პროცენტი.

მკურნალობის შემდეგ, ვირთხებს ევთანაზია ჩაუტარეს და გაკვეთეს, რათა განესაზღვრათ, რამდენად წარმატებული იყო მკურნალობა. მკვლევრები ეძებდნენ პროგრესის, მეტასტაზებისა და იმუნური მარკერების ნიშნებს.

საკონტროლო ვირთხების პროგნოზი მძიმე აღმოჩნდა. თერთმეტივეს აღენიშნებოდა პროგრესისა და მეტასტაზების ნიშნები. სამი კვირის განმავლობაში, კიბოს ზომამ ეთიკური პროტოკოლით დაშვებულ მაქსიმუმს მიაღწია და ცხოველების ევთანაზია შესაძლებელი გახდა.

თუმცა, ნამკურნალევი ვირთხები გაცილებით, გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ. მკურნალობამ არა მხოლოდ გართულებებისა და გვერდითი ეფექტების გარეშე ჩაიარა, არამედ ვირთხების უმეტესობას, 11-დან ცხრას აღენიშნა სიმსივნის რეგრესი და კვლევის ფარგლებში, შემდეგი 10 კვირის განმავლობაში, ისინი კიბოსგან თავისუფალნი იყვნენ.

ჰისტოტრიფსიის წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობის ეს საშუალება ეფექტიანია და ამცირებს კიბოს მოცულობას. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ ის მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის შემდეგ გადარჩენის მაჩვენებელსაც.

„ამ კვლევამ წარმოაჩინა ჰისტოტრიფსიის პოტენციალი კიბოს არაინვაზიურ მოკვეთაში, სიმსივნის ადგილობრივი პროგრესისა და მეტასტაზების პროგრესის პრევენციაში. 11-დან ცხრა ნამკურნალევ ვირთხაში, ნაწილობრივი აბლაციის შემთხვევაშიც კი შეინიშნა ადგილობრივი სიმსივნის სრული რეგრესი, ცდის მიწურულს, 12 კვირის შემდეგ რეციდივისა და მეტასტაზების გარეშე“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი შედეგები მიუთითებს, რომ ჰისტოტრიფსია შეიძლება არ ზრდიდეს აბლაციის შემდეგ მეტასტაზების განვითარების რისკს, როგორც ეს საკონტროლო ჯგუფში მოხდა. კვლევები გაგრძელდება, რათა უფრო ზუსტად შეფასდეს ჰისტოტრიფსიის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და ბიოლოგიური ეფექტები, კლინიკაში მისი დანერგვის პოტენციალი.

კვლევა ჟურნალ Cancers-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.umich.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.