კიბოს მკვლელი ექსპერიმენტული ვირუსის კლინიკური ცდები ადამიანებზე დაიწყო — #1tvმეცნიერება
კიბოს მკვლელი ექსპერიმენტული ვირუსის კლინიკური ცდები ადამიანებზე დაიწყო — #1tvმეცნიერება

პირველად ისტორიაში, ადამიან პაციენტს კიბოს მკვლელი ექსპერიმენტული ვირუსი გაუკეთეს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ტესტირება საბოლოოდ გამოავლენს მტკიცებულებებს ახალი საშუალების შესახებ, რომელიც წარმატებით ებრძვის სიმსივნეებს ადამიანების სხეულში.

წამლის კანდიდატი, სახელად CF33-hNIS, წარმოადგენს ე. წ. ონკოლიტურ ვირუსს, გენმოდიფიცირებულ ვირუსს, რომელიც ისეა შექმნილი, რომ შერჩევითად დააინფიციროს და მოკლას კიბოს უჯრედები, ჯანმრთელ უჯრედებს კი გვერდი აუაროს.

CF33-hNIS-ის შემთხვევაში, მოდიფიცირებული პოქსვირუსი უჯრედებში შედის და საკუთარი თავის ასლებს წარმოქმნის. საბოლოოდ, ინფიცირებული უჯრედი სკდება და გამოყოფს ათასობით ახალ ვირუსულ ნაწილაკს, რომლებიც ანტიგენის სახით მოქმედებენ, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას, რომ თავს დაესხას ახლომდებარე კიბოს უჯრედებს.

ცხოველებზე ჩატარებულმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს შეუძლია იმუნური სისტემის ამ გზით გამოყენება კიბოს უჯრედებზე ნადირობისა და განადგურების მიზნით, მაგრამ ამ დრომდე ტესტირება ადამიანებზე ჩატარებული არ იყო.

ეს სიტუაცია ახლა უკვე შეიცვალა, რადგან პრეპარატის შემქმნელები, ლოს-ანჯელესის კიბოს კვლევის ცენტრი City of Hope და ავსტრალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Imugene აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს პირველი კლინიკური ცდა ადამიან პაციენტებზე.

„ჩვენმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ონკოლიტურ (სიმსივნური ქსოვილის დამშლელი) ვირუსებს შეუძლიათ იმუნური სისტემის სტიმულირება კიბოსთვის პასუხის გასაცემად და მოსაკლავად, ასევე ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას, რათა ის უფრო რეაგირებადი გახდეს სხვა იმუნუთერაპიებისადმი“, — ამბობს City of Hope-ის ონკოლოგი დანენგ ლი.

მისი განცხადებით, მათ სჯერათ, რომ CF33-hNIS-ს აქვს პაციენტებში შედეგების გაუმჯობესების პოტენციალი.

ამ პოტენციალის წარმოჩენა პირველ რიგში დამოკიდებული იქნება იმის ჩვენებაზე, რომ CF33-hNIS ადამიანებისთვის უსაფრთხოა; კლინიკური ცდების პირველი ფაზა ფოკუსირებული იქნება პრეპარატის უსაფრთხოებასა და მიმღებლობაზე.

კვლევა ჯამში 100 ადამიანზე იგეგმება, თითოეული მათგანი იქნება ზრდასრული პაციენტი მეტასტაზებით ან განვითარებული სიმსივნური ქსოვილებით, რომლებმაც მანამდე სტანდარტული მკურნალობის სულ მცირე ორი ეტაპი გაიარეს.

ცდების ფარგლებში, მონაწილეებს ექსპერიმენტულ პრეპარატს ინექციით ან შიდავენურად, დაბალი დოზებით გაუკეთებენ.

თუ ადრეული შედეგები წარმატებული აღმოჩნდა და CF33-hNIS-ი უსაფრთხო და მიმღებლური იყო, დამატებითი ტესტებით შეისწავლიან, როგორ წყვილდება პრეპარატი პემბროლიზუბამთან, უკვე არსებულ ანტისხეულურ მკურნალობასთან, რომელიც კიბოს იმუნოთერაპიაში გამოიყენება.

ვირუსის ვერსია, რომელსაც ამჟამად კლინიკურად ცდიან, წარმოქმნის ადამიანის ნატრიუმის იოდიდის სიმპორტერს (hNIS), თანაგადამტან ცილას, რომელიც მკვლევრებს ვირუსის გამრავლების გადაღებისა და მონიტორინგის საშუალებას აძლევს; გარდა ამისა, რადიოაქტიური იოდის დამატების მეშვეობით წარმოქმნის კიბოს უჯრედების დაზიანების დამატებით გზას.

თუმცა, ვიდრე ეფექტიანობა განისაზღვრება, მკვლევრები პირველ რიგში დააკვირდებიან, რამდენად კარგად იღებენ პაციენტები პრეპარატს, ჩაიწერენ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის სიხშირეს და სიმწვავეს; ასევე შეისწავლიან, რამდენად იტანენ პაციენტები დაბალი დოზების გაზრდას.

მოგვიანებით გაანალიზდება მეორეული საზომები, მათ შორის, შეფასებები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად ამცირებს CF33-hNIS-ი დამუშავებულ სიმსივნეებს. ცდები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება მრავალ სხვადასხვა ადგილას და შესაბამისად, შედეგების დეტალურად გაგებისთვის მოცდა მოგვიწევს.

ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ იქამდე დიდად უნდა აღვფრთოვანდეთ მისი პოტენციალით; მოთმინება მოგვიწევს, რადგან პრეკლინიკური ექსპერიმენტების იმედისმომცემი შედეგები არ არის იმის გარანტია, რომ ის ადამიან პაციენტებშიც ასეთივე წარმატებული იქნება.

თუკი პრეპარატი უსაფრთხო და მიმღებლური არ აღმოჩნდა, მაინც ხელთ გვექნება კიბოსთან ბრძოლის ახალი, მძლავრი იარაღი, თუ გავითვალისწინებთ მის უნარს, შეკრიბოს და გაააქტიუროს იმუნური უჯრედები.

ჯერ არავინ იცის, იმუშავებს თუ არა CF33-hNIS ადამიანებშიც ასეთივე წარმატებით, მაგრამ თუ ასე აღმოჩნდა, ის შეიძლება FDA-ს დამტკიცებული მეორე ონკოლიტური ვირუსული პრეპარატი აღმოჩნდეს კიბოს სამკურნალოდ. პირველი ასეთი პრეპარატი წარმოადგენს ჰერპერის ვირუსის მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელიც მელანომას სამკურნალოდ გამოიყენება.

მომზადებულია cityofhope.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი