მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ პანდემიები მომავალშიც იქნება და საჭიროა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მომზადება — #1tvმეცნიერება
ახლა, როდესაც მსოფლიო COVID-19-ის პანდემიის კრიზისშია ჩაძირული, ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მომავალში შეიძლება წინ გველოდებოდეს რაღაც ისეთივე ცუდი ან უფრო უარესი, როგორიც კორონავირუსია. თუმცა, მეცნიერთა განცხადებით, ასეთი რამ შესაძლებელი და სავარაუდოც კი არის.
მეცნიერები COVID-19-ის პირველი შემთხვევების გამოჩენამდე SARS-CoV-2-ის საფრთხეების წარმოჩენამდე დიდი ხნით ადრე იუწყებოდნენ იმის შესახებ, რომ ჰორიზონტზე შეიძლება იმალებოდა რაღაც მომაკვდინებელი ეპიდემია და შესაფერისი მომზადების გარეშე მას შეიძლება მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს ხედვა სასტიკი, მაგრამ ამავე დროს შეუცდომელი აღმოჩნდა — COVID-19 ზუსტად ისეთივე ეფექტიანია, როგორც მეცნიერებს წარმოედგინათ. ბუნებაზე კაცობრიობის უგუნურმა, დაუსრულებელმა თავდასხმამ კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანა ველურ ცხოველებში არსებულ პათოგენებთან, თანაც ისე, თითქოს ეს გარდაუვალი იყო; მიუხედავად ამისა, SARS-CoV-2-ის ზუსტი წარმოშობის ამბავი დღეს ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.
შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ ამ მიმართულებით რეალურად არაფერი შეცვლილა.
COVID-19-ის გამოჩენის მიუხედავად, სრულიად დაუცველები ვართ SARS-CoV-2-ის შესაძლო მუტაციებისადმი, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდეგ ჯერ უცნობ პანდემიაზე; მკვლევართა განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე გადაუდებლად აუცილებელია, რომ ახლავე დავიწყოთ კვლევა და ვაქცინების მომზადება, რომლებმაც შეიძლება ასეთი საფრთხეებისგან დაგვიცვას.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში, კალიფორნიის Scripps Research-ის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აუცილებელია, მთავრობამ და კერძო სექტორმა დაიწყოს ფართი სპექტრის გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე მუშაობა — დამცავ ცილებზე, რომლებიც ეფექტიანია ვირუსის მრავალი შტამის წინააღმდეგ.
„ასეთი ანტისხეულები შეიძლება პირველი ხაზის პრეპარატებად გამოვიყენოთ მოცემული ოჯახის ვირუსების პრევენციის ან მათგან მომდინარე საფრთხისთვის, მათ შორის არის ახალი განშტოებები ან შტამები, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილა“, — წერენ სტატიის ავტორები, დენის ბარტონი და ერიკ ტოპოლი.
მათივე განცხადებით, უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ვირუსების მოცემული ოჯახის მრავალი წევრის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად.
ფაქტობრივად, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ COVID-19-ის შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა და ამას ხშირად ვერც ვაცნობიერებთ. მიზეზი კი მისი გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV–2-ის წვეტი ცილაა — ვირუსული ნაწილაკის მოლეკულური არქიტექტურის მოსახერხებელი მახასიათებელი, რომელიც ვაქცინის შექმნას უფრო აადვილებს.
თუმცა, შემდეგ ჯერზე შეიძლება ასეთი იღბლიანები აღარ აღმოვჩნდეთ.
„პათოგენი, რომელიც შესაძლოა მომავალში გამოჩნდეს, შეიძლება ასეთი დამყოლი აღარ იყოს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის შექმნას შეიძლება გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს; არ არის გამორიცხული, ახალი შტამების წარმოქმნასთან ერთად, ვაქცინებისთვის თავად SARS-CoV-2-იც უფრო პრობლემური გახდეს.
ამისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს პანვირუსული ვაქცინების შექმნა, რომელიც დაეფუძნება ფართო სპექტრის გამანეიტრალებელ ანტისხეულებს, რომლებიც ინდივიდუალურად ამოიღებენ მიზანში პრიორიტეტულ ვირუსს, მათ შორის, SARS-CoV–2-ის პოტენციურად ახალ ვარიანტებს, აივ ინფექციას, გრიპის ქვეტიპებს, ებოლას, MER-ს და ა. შ.
მართალია, ამ ანტისხეულების იზოლირება ადვილი არ არის, დიდ დროსა და ფულს მოითხოვს, მაგრამ მკვლევართა განცხადებით, ამაზე გაწეული ხარჯები უმოქმედობის საფასურთან ახლოსაც ვერ მივა. მათივე თქმით, კლინიკური ცდების პირველ ფაზამდე მისაღწევად, ერთი ვირუსის წინააღმდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება 100-200 მილიონი დოლარის ხარჯი იყოს საჭირო, მაგრამ ეს თანხა უბრალოდ არაფერია COVID-19-ის მსგავსი პანდემიებით გამოწვეულ ტრილიონობით დოლარის ზარალთან შედარებით.
„რეაქციული პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებიც მოქმედებაში უკვე ახალი პათოგენის გამოჩენის შემდეგ მოდის, ჩვენს შეთავაზებას აქვს მიზნები, რომელთა აღწერაც ახლავე შესაძლებელია და პროექტები, რომლებიც ფართო მასშტაბით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, ვირუსთა გავრცელებები მომავალში აუცილებლად გვექნება და დიდი ალბათობით ვიხილავთ ეპიდემიებსაც, რომლებიც იქამდე უნდა შევაჩეროთ, ვიდრე პანდემიის სახეს მიიღებენ.
სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nature.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.