თუ დააკვირდებით, სიკვდილის ნიშნები ყველგანაა. უკვე წლებია, მეცნიერები განგაშის ზარებს რეკავენ, გვაფრთხილებენ, რომ ცხოველთა მრავალფეროვნების მკვეთრი კლება მთელ მსოფლიოში, მეექვსე მასობრივი გადაშენების დაწყებას მოასწავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო ამ საზარელი ფენომენის მიმდინარეობის შესახებ ბევრი მტკიცებულება არსებობს, ამას ყველა მაინც არ ეთანხმება.
„კარგად არის დასაბუთებული სახეობათა გადაშენებისა და მრავალი ცხოველისა და მცენარის პოპულაციის რაოდენობის შემცირების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლები, მაგრამ ზოგიერთი მაინც უარყოფს, რომ ეს ფენომენები მასობრივ გადაშენებას უდრის“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ბიომეცნიერი რობერტ კოუი.
მისი განცხადებით, ეს უარყოფა ეფუძნება ძლიერ მიკერძოებულ შეფასებას კრიზისისა, რომელიც ფოკუსირებულია ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე, მაგრამ უგულებელყოფს უხერხემლოებს, რომლებიც რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ.
ახალ კვლევაში, კოუი და მისი კოლეგები უარმყოფლების განეიტრალებას უხერხემლო არსებათა შემცირებაზე ფოკუსირებით შეეცადნენ; ბიომრავალფეროვნების კარგვის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში ეს ცხოველები გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უღებენ, ვიდრე ხერხემლიანები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშიც კი, რომელიც სახეობათა გადაშენების უდავოდ ყველაზე მთავარი აღრიცხვაა მსოფლიოში, მაგრამ ძირითადად მიმართულია ფრინველების, ძუძუმწოვრებისა და ამფიბიებისკენ.
„წითელი ნუსხა ძლიერ მიკერძოებულია. საკონსერვაციო კრიტერიუმებით შეფასებულია თითქმის ყველა ფრინველი და ძუძუმწოვარი, მაგრამ მხოლოდ გაკვრით ეხებიან უხერხემლოებს. არაპირდაპირ, მაგრამ ზოგჯერ ცალსახად, ვარაუდები ხშირად ეფუძნება იმას, რომ ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გადაშენების მაჩვენებელთა შეფასებები მთელი ბიომრავალფეროვნების გადაშენების მაჩვენებელთა ამსახველია. თანაც, ამ შეფასებას იზიარებს არა მხოლოდ ხერხემლიანებზე ფოკუსირებული მედია, არამედ ხერხემლიანებზე ფოკუსირებული მრავალი სამეცნიერო და საკონსერვაციო ორგანიზაცია“, — წერენ კოუი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დათვლით, ახ. წ. 1500 წლის შემდეგ გადაშენდა ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სახეობათა დაახლოებით 1,5 პროცენტი, რაც მკვლევართა განცხადებით, არც ისე შორსაა „ფონური“ გადაშენების მაჩვენებლისგან, რომელიც მასობრივ გადაშენებათა შორის არსებობს.
თუმცა, სიტუაცია გაცილებით უარესია, თუ მხედველობაში მივიღებთ უხერხემლოთა გადაშენების შეფასებებს, რასაც IUCN არ ითვალისწინებს.
IUCN-ის რიცხვებს მიღმა არსებულ ბიომრავალფეროვნების დანაკარგების მასშტაბის წარმოსაჩენად, მკვლევრები ფოკუსირდნენ მოლუსკებზე, რომლებიც უხერხემლოებში მეორე უდიდესი ტიპია ფეხსახსრიანების შემდეგ; თავად უხერხემლოები კი ცხოველთა ჩვენთვის ცნობილ სახეობათა აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ (97 პროცენტამდე).
უხერხემლოთა შემცირების შესასწავლად ჩატარებულ წინა კვლევათა „თამამ“ ექსტრაპოლაციაზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ახ. წ. 1500 წლის შემდეგ უნდა გადაშენებულიყო დედამიწაზე ჩვენთვის ცნობილი დაახლოებით 2 მილიონი ცხოველისა და მცენარის სახეობის 7,5 – 13 პროცენტი. ეს კი იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე IUCN აღიარებს.
„უხერხემლოთა მოცვა საკვანძო იყო იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენ მართლაც მომსწრე ვართ დედამიწის ისტორიაში მეექვსე მასობრივი გადაშენების დასაწყისისა“, — ამბობს კოუი.
თუმცა, იმის მიხედვით, თუ საით მიმართავ ყურადღებას, ამჟამინდელ კრიზისში ზოგი სახეობა სხვებზე უკეთესად არის; წყლის სახეობებისა და მცენარეების გადაშენების მაჩვენებლები ჯერ ისე მძიმედ არ გამოიყურება, როგორც ხმელეთის მრავალი ცხოველის შემთხვევაში.
მკვლევართა განცხადებით, IUCN-ის წითელი ნუსხის მიერ შემოთავაზებული კონკრეტული მაჩვენებლები ბიომრავალფეროვნების დაკარგვის სრულ სურათს არ ასახავს.
„ამჟამინდელი გადაშენების მაჩვენებლები, განსაკუთრებით კი ხმელეთის უხერხემლოებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ფონური გადაშენების მაჩვენებლები“, — წერენ კვლევის ავტორები.
მათივე განცხადებით, ასევე წარმოაჩინეს, რომ ამჟამინდელი გადაშენების მაჩვენებელთა შეფასებისთვის IUCN-ის წითელი ნუსხის გამოყენებას გარდაუვლად მივყავართ დრამატულად არასათანადო მაჩვენებლებთან, თუ არ ჩავთვლით ფრინველებს, ძუძუმწოვრებს და ალბათ ამფიბიებს.
მკვლევრებს არ აქვთ პასუხი, შესაძლებელია თუ არა ამ სახიფათო ტენდენციის შეჩერება. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ კრიზისის უარყოფა ან არასათანადო მოქმედება წარმოადგენს მორალური პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას; მოუწოდებენ მეცნიერებსა და კონსერვაციონისტებს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ბიომრავალფეროვნების კრიზისს.
ასევე შენიშნავენ იმასაც, რომ სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ ამჟამად გადაშენების წინაშე მყოფი ყველა სახეობის გადარჩენას, მაგრამ თუ სიფრთხილით და სასწრაფოდ ვიმოქმედებთ, შეიძლება უმეტესი მათგანი გადავარჩინოთ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ.
კვლევა Biological Reviews-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია soest.hawaii.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.