მეცხრე პლანეტა სავარაუდოდ, ნამდვილად არსებობს - ნაპოვნია ახალი მტკიცებულებები
17:50, 21.05.2018
არის თუ არა მზის სისტემაში მეცხრე პლანეტა, რომელიც ასტრონომებს საგულდაგულოდ ემალება პლუტონის ორბიტიდან ძალიან შორს? შორეულ კოსმოსში კლდის ერთი ნატეხის უცნაურ ქცევაზე ჩატარებული ახალი დაკვირვებების მიხედვით, ამ კითხვაზე პასუხი დიდი ალბათობით არის — დიახ.
ახალი ობიექტი, რომლის დანახვა და დაკვირვებაც შეგვიძლია, არის 2015 BP519. სავარაუდოდ, იგი ჯუჯა პლანეტის ზომისაა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ობიექტი იმავე სიბრტყეზე არაა განლაგებული, რომელზეც მზის სისტემის სხვა პლანეტები. ყველა მათგანი ჩამწკრივებულია დისკოსებურად, ეს სხეული კი ამ დისკოსგან 54-გრადუსიანი კუთხით არის დახრილი.
ამ საოცარი ორბიტის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა სხვა პლანეტის არსებობაა, რომელიც ნეპტუნს გადაღმა უნდა მდებარეობდეს და ჰქონდეს დედამიწაზე 10-ჯერ მეტი მასა. სწორედ ამ ზომის პლანეტა უნდა წარმოქმნიდეს ისეთ გრავიტაციას, რომელიც 2015 BP519-ს ამგვარ ორბიტაზე შეინარჩუნებდა.
„ეს მისი არსებობის მტკიცებულება არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მზის სისტემაში ამგვარი ობიექტის არსებობა აძლიერებს მეცხრე პლანეტის თეორიას“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომი დევიდ გერდესი.
მეცხრე პლანეტის არსებობის ახალი გასაღები ბნელი ენერგიის კვლევის მისიის (Dark Energy Survey) მონაცემებში იპოვეს. ამ პროგრამის მიზანია ღრმა კოსმოსის კვლევა.
გარდა ამისა, ახალი მონაცემები კარგად ემთხვევა ორი წლის წინანდელ პროგნოზსაც. მაშინ მკვლევრებმა შენიშნეს კოიპერის სარტყლის ობიექტების უცნაური განლაგება მზის სისტემის სხვა ობიექტთა მიმართ.
კოიპერის სარტყლის ექვსი ობიექტი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ასეთ ორბიტულ განლაგებას მათ უზარმაზარი, მეცხრე პლანეტა აიძულებდა. 2016 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა, კონსტანტინ ბატიგინმა და მაიკლ ბრაუნმა ივარაუდეს, რომ დროთა განმავლობაში, კოიპერის სარტყლის ობიექტებს მაღალი ორბიტული დახრილობა უნდა მიეღოთ.
ალბათ ზუსტად ისეთი, როგორიც 2015 BP519-ს აქვს.
ახალი კვლევის ავტორები გათვლებს 2014 წლიდან აწარმოებენ, შესაბამისად, შესწავლილია ძალიან ბევრი ციური სხეული.
იმის გასარკვევად, რატომ აღმოჩნდა ეს ახალი ობიექტი ამ ადგილას, ასეთ ორბიტაზე, მკვლევრებმა ჩაატარე სიმულაციები, რომლებიც რამდენიმე მილიარდ წელიწადს მოიცავდა.
ამ სიმულაციათა შედეგად, ერთადერთი, რაც ჩვენი ტელესკოპების მონაცემებს ემთხვეოდა, დამატებითი პლანეტა აღმოჩნდა.
„მას შემდეგ, რაც სიმულაციებში მეცხრე პლანეტას ჩასვამთ, თქვენს თვალწინ არა მხოლოდ მსგავსი ობიექტები წარმოიქმნება, არამედ წესრიგში მოვა აბსოლუტურად ყველაფერი“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯულიეტ ბეკერი.
თუმცა, მანამ, სანამ მზის სისტემის რუკებს ხელახლა დავხატავდეთ, საჭიროა კიდევ არაერთი კვლევა.
მეცნიერები აღიარებენ, რომ გვჭირდება 2015 BP519-ის მსგავსი კიდევ სხვა ობიექტების პოვნა და დამატებითი მონაცემები, რათა მეცხრე პლანეტის არსებობა საბოლოოდ დადასტურდეს.
თუ მკვლევრები ცდებიან და მეცხრე პლანეტა არ არსებობს, ერთ-ერთი ალტერნატიული ახსნის მიხედვით, ადრეულ მზის სისტემაში არსებობდა ჩვენთვის უცნობი ობიექტი, რომელმაც 2015 SP519 ასეთ უცნაურ ორბიტაზე დააყენა.
მაგრამ თუ ის მაინც არსებობს, მზიდან ასე დიდი მანძილით დაშორების გამო, მეცხრე პლანეტა უნდა იყოს ცივი, ყინულოვანი გიგანტი.
კონსტანტინ ბატიგინის განცხადებით, კოიპერის სარტყლის ასე ძლიერ დახრილობის სხვა მიზეზი უბრალოდ უადგილოა და მეცხრე პლანეტის არსებობა გარდაუვალია.