მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა დასრულდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ექვსსაათიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ.
როგორც საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, პროცესზე ექსპერტებმა დეტალურად განმარტეს, რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არსებული კონკრეტული დაზიანებები.
„მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება. კერძოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვით დადასტურებულია, რომ გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი, დაზიანების მიყენების ხანდაზმულობა. რაც იმას ნიშნავს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე წინა უახლოეს პერიოდში. შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მეტად დაკონკრეტდა პერიოდი, შაქარაშვილს დაზიანებები 10-20 წუთიტ ადრე ჰქონდა მიყენებული. კონკრეტული დაზიანებები ექსპერტებმა დეტალურად ახსნეს რა ვითარებაში შეიძლება მიეღო: ეს იყო მრავალჯერადი დარტყმების შედეგად განხორციელებული და მიყენებული დაზიანებები . რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც ვსაუბრობთ თავდასხმაზე, განხორციელებული იქნა ამ ადამიანთან მიმართებაშიც, რომლის დედაც არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი და სწორედ აღნიშნული თავდასხმით დაზარალებული იყო“, – განაცხადა გუგუტიშვილმა.
გუგუტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ბიოლოგიური, გენეტიკური და სეროლოგიური ესპერტიზის შედეგებთან დაკავშირებითაც დაიკითხნენ.
„რაც შეეხება დნმ-ის ექსპერტიზას, ბიოლოგიური, გენეტიკური სეროლოგოური ექსპერტიზის დასკვნა იქნა გამოკვლეული და დაიკითხნენ ექსპერტები. ექსპერტებმა ისაუბრეს ნივთმტკიცებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხდა იდენტიფიცირება, რომ არასრულწლოვანი ნ.ქ -ს ტანსაცმელზე ამოსული არის დაზარალებული გიორგი ქათამაძის სისხლი, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმაში უშუალოდ აღნიშნული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი იყო ჩართული, ვინაიდან, აგარაკის ტერიტორიაზე დადასტურებულია გიორგი ქათამაძე კონფლიქტში არ მონაწილეობდა. იმ მასალებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის გასაჯაროებულია კერძოდ, ფოტოაპარატიდან არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამ პიროვნებას არ აღენიშნება არავითარი დაზიანება. ხოლო მოგეხსენებათ სამედიცნო დოკუმენტაციაში, რაც საქმეში უკვე არის წარმოდგენილი, გიორგი ქათამაძეს არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული. სწორედ ამ თავდასხმის დროს, რომელშიც ჩართული იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ნ.ქ., მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა გიორგი ქათამაძის სისხლი. ასევე არასრულწოვნების ზ.ს და ა.ქ. დნმ პროფილები ამოსული არის „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში, რაც ნიშნავს, რომ ისინი თავდასხმის დროს, სწორედ აღნიშნულ ავტომობილებში იყვნენ და დასახელებული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ“, – აღნიშნა გიგუტიშვილმა.