მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის, ასევე ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელებენ.
ბრალდებულების ადვოკატთა ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ საქმის შეწყვეტას მოითხოვს, ნაწილი კი, ცალკე წარმოებად გამოყოფას.
როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბრალდებულ საბა გოგშელიძის ადვოკატმა, არსენ კალატოზიშვილმა განუცხადა, ორი დაკავებულის – საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატები საქმის ცალკე გამოყოფის შუამდგომლობას დააყენებენ.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის ნაწილში ბრალდებულთა დამცველები მათი გირაოს თანხით ან ყოველგვარი ღონისძიების გამოყენების გარეშე გათავისუფლებას ითხოვენ.
სხდომის დაწყებამდე ადვოკატების საპასუხოდ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა. მისი თქმით, რაც შეეხება შუამდგომლობებს დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ალბათობის ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება.
„შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღნიშნული შუამდგომლობა თუ იქნება დაყენებული დაცვის მხარის მიერ, არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ცალკე წარმოებად გამოყოფას, აღნიშნულიც მოგეხსენებათ, ურთიერთკავშირში მყოფ ფაქტებთან დაკავშირებითაა“, – განაცხადა პროკურორმა.
11 სრულწლოვან ბრალდებულს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.