ქალაქ მცხეთის გენერალური გენგეგმის კონცეფცია, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული რვა საპროექტო კომპანიის გაერთიანება ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსის წესით შერჩეულმა ამხანაგობა „აქოლისმა“ უკვე მოამზადა მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა და ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში.
„მოცემულ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციის სამომავლო განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობას, მის დამტკიცებამდე, უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გააგრძელებს. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც ელექტრონულ ფორმატში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მცხეთის მუნიციპალიტეტის და საბჭოში შემავალი სხვა უწყებების წარმომადგენლები“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.