კახა კალაძე - გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი თუ გაუარესდა, თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა
კახა კალაძე - გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი თუ გაუარესდა, თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტი, სადაც ოპოზიცია თითქოს ამხელს თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებებში, არის სრული ტყუილი. ამის შესახებ კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილის საქმეში არანაირი კორუფციის კვალი არ იკვეთება. კალაძის თქმით, ეს არის სტანდარტული შემთხვევა – როდესაც მიღებული გენგეგმით ხდება მიწის სტატუსის გაუარესება, თბილისის მერია პირდაპირ ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს მისი ადგილმონაცვლეობა.

„როდესაც გენგეგმით ხდება მიწის ნაკვეთის სტატუსის გაუარესება, დედაქალაქის მერია პირდაპირ ვალდებულია, ან გამოისყიდოს არსებული მიწა, ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა, რომ კერძო მესაკუთრეს პრობლემა არ შეექმნას და პირობები არ გაუუარესდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მესაკუთრეს გაუუარესდა მიწის სტატუსი. არსებულ ნაკვეთზე ის შენობა-ნაგებობას ვეღარ ააშენებდა. ამიტომაც მოხდა ამ მიწის მონაცვლეობა. მსგავსი შემთხვევა ბევრი ხდება, სადაც თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს ან სტატუსი შეუცვალოს ნაკვეთს“, – განმარტა კახა კალაძემ.