მცხეთის გენგეგმას ამხანაგობა „აქოლისი“ მოამზადებს
მცხეთის გენგეგმას ამხანაგობა „აქოლისი“ მოამზადებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ამხანაგობა ,,აქოლისთან” გაფორმდა, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ რვა საპროექტო კომპანიას აერთიანებს.

უწყება განმარტავს, რომ საკონკურსო მოთხოვნები ქართველი სპეციალისტებისა და იუსნესკო-ს (UNESCO) წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდა. მათ მიერ დადგენილმა სტანდარტებმა და ამოცანებმა, პროექტის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სხვადასხვა გამოცდილების, კომპეტენციისა და სპეციფიკის სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამხანაგობის წარმომადგენლებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს შესასრულებელი სამუშაოების საკუთარი ხედვა გააცნეს.

სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით „აქოლისმა“ უნდა მოამზადოს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმა, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრი. გენგეგმა სარეკრეაციო და ტურისტული ზონების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების შექმნას, სატრანსპორტო სისტემების განახლებას ითვალისწინებს.

მცხეთის გენგეგმის შემუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ეტაპებს შორის მოეწყობა განხილვები, როგორც სხვადასხვა უწყებასთან, ისე მოსახლეობასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.

ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის მომზადება წლის ბოლოსთვის დასრულდება.

1994 წელს ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა. როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, იუნესკო აქტიურად ითანამშრომლებს ამხანაგობასთან და ეტაპობრივად გასცემს რეკომენდაციებს ქალაქის უსისტემო და ქაოტური განვითარების თავიდან აცილებასა და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით.