მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებასა და განვითარების პერსპექტივაზე შეხვედრა გაიმართა
მცხეთის გენგეგმის შემუშავებასა და ქალაქის განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე მცხეთის მერიაში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ „აქოლისი“ საკუთარი ხედვა წარუდგინა.
მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ 5 მარტს გააფორმა. სამინისტროს ინფორმაციით, ამხანაგობა ,,აქოლისი” მულტიდისციპლინური ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ რვა საპროექტო კომპანიას აერთიანებს.
ხელშეკრულების მიხედვით, „აქოლისმა“ 270 დღეში უნდა მოამზადოს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმა, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრი.
გენგეგმა სარეკრეაციო და ტურისტული ზონების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების შექმნასა და სატრანსპორტო სისტემების განახლებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 124 ათასი ლარია.
გეგნგეგმის დამტკიცების შემდეგ მცხეთაში 2015 წლიდან გამოცხადებული მორატორიუმი შეწყდება და ქალაქში ნებართვების გაცემა უკვე მიწათსარგებლობის ახალი გეგმის მიხედვით მოხდება.