მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დისკუსია გაიმართა
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დისკუსია გაიმართა

ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრისა და ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით თემაზე – „პოლიტიკის ხედვები ეკონომიკურ განვითარებაზე“ დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრაზე სხვადასხვა ავტორების მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევებში განხილული იყო აქტუალური ეკონომიკური საკითხები. დოკუმენტებში ხაზგასმულია სახელმწიფოსა და პოლიტიკის როლი, როგორც კვლევაში დასმული სპეციფიკური პრობლემების მოგვარებაში, ასევე ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური და სოციალური ფონის გაჯანსაღების, ინსტიტუციური რეფორმის, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის, განსაკუთრებით კი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ქვეყნისთვის სარგებლის მაქსიმალურად გაზრდაში.

კვლევებში ავტორებმა წარადგინეს განვითარების ხელშეწყობის ახლებური და ინოვაციური მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით.