გიორგი ვაშაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს გავათავისუფლოთ საქართველო და დავიწყოთ მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი
გიორგი ვაშაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს გავათავისუფლოთ საქართველო და დავიწყოთ მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი

ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს გავათავისუფლოთ საქართველო და მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი დავიწყოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი 500-მა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არცერთი შემოსულა.

„ეს არის დაახლოებით 2 მლნ სამუშაო ადგილი ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა „მერსედესი“, „ფოლკსვაგენი“, „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „მიცუბიში“, „ფერარი“ და ა.შ. ჯამურად, ამ კომპანიების ღირებულება არის 266 მილიარდი დოლარი. ამ კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, სად წავიდნენ? აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, ბულგარეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. არცერთი ეს კომპანია საქართველოში არ შემოსულა. რატომ წავიდნენ აზერბაიჯანში, რომლებმაც რუსეთი დატოვეს? მიზეზია ძალიან კონკრეტული.

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის ოლიგარქიული „კლანი“ ისე მართავს ქვეყანას, რომ აქ ინვესტიციებისთვის დამოუკიდებელი ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიები არ შემოდიან, რის გამოც ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება. როცა სისტემას მართავ კორუფციით, არაფორმალური მმართველობით, კლანური სასამართლოთი, იქ ინვესტიციები არ შედის.

წლევანდელი წელი სწორედ ესაა. ჩვენ ვქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, შემოგვყავს ეს კომპანიები საქართველოში, თუ ისევ და ისევ სიღარიბის ივანიშვილისეულ ჭაობში ვიძირებით? ინვესტიციების სულ რაღაც 5-7% პროცენტი რომ შემოსულიყო საქართველოში, ეს უკვე ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, წლევანდელ წელს გავათავისუფლოთ საქართველო და მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი დავიწყოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.