მასშტაბურმა კვლევამ სისხლში რკინის დონესა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი აღმოაჩინა — #1TVმეცნიერება
მასშტაბურმა კვლევამ სისხლში რკინის დონესა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი აღმოაჩინა — #1TVმეცნიერება

ახალმა მასშტაბურმა კვლევამ მიაგნო მტკიცებულებას, რომ სისხლში რკინის დონე შეიძლება, გავლენას ახდენდეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული კვლევები მასშტაბური იყოს. ახალი კვლევა ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავია და მოიცავს მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას სამი საჯარო მონაცემთა ბაზიდან. ამას გარდა, კვლევა ფოკუსირებული იყო დაბერების სამ საკვანძო საზომზე — სიცოცხლის ხანგრძლოვობაზე, დაავადებების გარეშე ნაცხოვრებ წლებზე და უკიდურესად დიდ ასაკზე, ანუ დღეგრძელობაზე.

ანალიზებისას აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ამ საზომებთან დაკავშირებული იყო გენომის 10 საკვანძო რეგიონი, ისევე როგორც გენების ნაკრები, რომლებიც დაკავშირებულია სხეულის მიერ რკინის მეტაბოლიზმთან.

მარტივად რომ ვთქვათ, სისხლში დიდი ოდენობით რკინა დაკავშირებული იყო ნაადრევი სიკვდილის გაზრდილ რისკთან.

„გასაოცარი აღმოჩენაა, რადგან მიუთითებს, რომ სისხლში რკინის მაღალი დონე ამცირებს ჩვენს ჯანმრთელად ცხოვრების წლებს; ამ დონის კონტროლმა კი შეიძლება დაგვიცვას ასაკთან დაკავშირებული საფრთხეებისგან“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის მონაცემთა ანალიტიკოსი პოლ ტიმერსი.

მისივე თქმით, ჯგუფი ეჭვობს, რომ მათმა აღმოჩენამ რკინის მეტაბოლიზმთან დაკავშირებით ასევე შეიძლება ახსნას ისიც, თუ რატომ არის დაკავშირებული რკინით მდიდარი წითელი ხორცის დიდი ოდენობით მოხმარება დაკავშირებული ასაკით გამოწვეულ პრობლემებთან, მაგალითად, გულის დაავადებებთან.

მართალია, კორელაცია აუცილებლად არ ნიშნავს მიზეზობრივ კავშირს, მაგრამ შეცდომის შემცირებისა და მონაცემებში ამ კავშირის დაჭერის მცდელობისთვის, მკვლევრებმა გამოიყენეს სტატისტიკური მეთოდი, სახელად მენდელეევის რანდომიზაცია.

როგორც მკვლევრები შენიშნავენ, მიჩნეულია, რომ გენეტიკას დაახლოებით 10-პროცენტიანი გავლენა აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად ცხოვრების წლების რაოდენობაზე; შესაბამისად, ძნელია იმ გენების გამოვლენა, რომლებიც სხვა დანარჩენი ფაქტორებიდან არის ჩართული (მაგალითად, მოწევა და სმა). გამომდინარე აქედან, ახალი კვლევის ერთ-ერთი უპირატესობა არის მისი აბსოლუტური ზომა და მასშტაბი.

მკვლევართა მიერ აღმოჩენილ გენეტიკურ მარკერთაგან ხუთი, აქამდე მნიშვნელოვნად არ მიიჩნეოდა გენომის მასშტაბის დონეზე. თუმცა, წარსულში შენიშნეს, რომ ზოგიერთი მათგანი, მათ შორის APOE და FOXO3, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის დაბერების პროცესში და ჯანმრთელობაზე.

„APOE-ისა და FOXO3-ის კარგად ცნობილი კავშირით ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებთან და დაბერებასთან, აშკარაა, რომ გარკვეულწილად მივაგენით ადამიანის დაბერების პროცესს“, — წერენ მკვლევრები.

მიუხედავად იმისა, რომ მეტაბოლიზმთან რკინის ამ კავშირის კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, ახალი კვლევა წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან არ არის გამორიცხული, შეიქმნას სისხლში რკინის დონის შემამცირებელი პრეპარატები, რამაც შეიძლება, ჩვენი სიცოცხლე რამდენიმე წლით გაახანგრძლივოს.

გარდა გენეტიკისა, სისხლში რკინას ძირითადად აკონტორლებს კვების რაციონი და სხვადასხვა კვლევით ირკვევა, რომ ეს მაჩვენებელი დაკავშირებულია ასაკთან დაკავშირებულ რამდენიმე დაავადებასთან, მათ შორის პარკინსონთან და ღვიძლის დაავადებებთან. ამას გარდა, ხანდაზმულებში ის ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის უნარზე.

ეს უახლესი კვლევა თავისუფლად შეიძლება დავამატოთ იმ მზარდ მტკიცებულებათა სიას, რომელთა მიხედვითაც, სისხლში რკინის დიდი ოდენობა, ანუ მისი სწორად დაშლის უნარის არქონას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ასევე ხანდაზმულობის წლებში ჯანმრთელობაზე.

„ჩვენი საბოლოო მიზანია გავარკვიოთ, როგორ რეგულირდება დაბერება და ვიპოვოთ გზები, რომლებითაც გავაძლიერებთ სიბერეში ჯანმრთელობას“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის სიბერის ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ჯორის დილენი.

მისივე თქმით, გენომში აღმოჩენილი ეს 10 რეგიონი, რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და ჯანმრთელად ცხოვრების წლებთან, ამაღელვებელი კანდიდატებია შემდგომი კვლევებისთვის.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი