მასშტაბურმა კვლევამ დაძინებისთვის საუკეთესო დრო გამოავლინა, რათა შემცირდეს გულის პრობლემების რისკი — #1tvმეცნიერება
ძილსა და გულის ჯანმრთელობას შორის კავშირი კარგად არის დადგენილი, მაგრამ დეტალებს მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ. ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენი სხეულის 24-საათიან რიტმში შეიძლება არსებობდეს ჩაძინებისთვის ოპტიმალური დრო.
ძილის სათანადოდ რეგულირება, თუნდაც შესაბამისი რაოდენობის ან სწორ დროს ძილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ვისაც ეს პრობლემა აქვს, სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოს და ფოკუსირდეს, რისი გაკეთებაა სასარგებლო უშუალოდ მისთვის, რადგან ძილის კონკრეტული დროის მითითება ზოგისთვის შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს.
თუმცა, დანარჩენებმა კარგია ვიცოდეთ, რომ დასაძინებლად 22:00-დან 23:00 საათამდე შუალედში წასვლა, როგორც ჩანს, საუკეთესო დროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღისთვის.
„ორგანიზმს 24-საათიანი შიდა საათი აქვს, რომელსაც დღეღამურ (ცირკადულ) რიტმს უწოდებენ. მას დიდი როლი აქვს ფიზიკური და მენტალური ფუნქციების რეგულირებაში“, — ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი დევიდ პლანსი.
მისი განცხადებით, მათი კვლევიდან მიზეზობრივი კავშირის გადაჭრით დასკვნა არ შეუძლიათ, მაგრამ შედეგები მიუთითებს, რომ სხეულის საათს უფრო მეტად შლის ადრე ან გვიან დაძინება, რასაც თან ახლავს არასასურველი შედეგები გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.
ბრიტანეთის ბიობანკში 88 026 მონაწილის სამაჯური აქსელერომეტრის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფმა შვიდდღიან პერიოდში ძილის დრო შეადარა შემდეგ ეფექტებს ჯანმრთელობაზე.
მონაცემთა ბაზა ასევე მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა დაავადების 3 172 შემთხვევას, მონაწილეებზე თითქმის ექვსწლიანი მეთვალყურეობის განმავლობაში.
ჯგუფმა დაადგინა, რომ შუაღამის შემდეგ ან 22:00 საათზე ადრე დაძინება დაკავშირებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის დაახლოებით 25 პროცენტით გაზრდასთან, ვიდრე 22:00-23:00 საათებს შორის დაძინებისას. რისკის ზრდა 12 პროცენტამდე ჩამოდიოდა მათთვის, ვინც 23:00-00:00 საათებს შორის მიდიოდა დასაძინებლად.
„ყველაზე სარისკო დრო შუაღამის შემდეგ დაძინება იყო, პოტენციურად იმიტომ, რომ ამ დროს შეიძლება მცირდებოდეს დილის სინათლის ხილვის ალბათობა, რომელიც სხეულის საათის გადატვირთვას ახდენს“, — ამბობს პლანსი.
ასეთი ტენდენცია მაშინაც ნარჩუნდებოდა, როდესაც ითვალისწინებდნენ ასაკს, გენდერს, ძილის ხანგრძლივობას, ადრე ან გვიან დაძინებას, მწეველის სტატუსს, წონას, დიაბეტს, სისხლის წნევას, ქოლესტერინის დონეს და სოციოეკონომიკურ სტატუსს. გარდა ამისა, ის უფრო გამოკვეთილი იყო ქალებში, მაგრამ მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, რატომ.
„შეიძლება იმიტომ, რომ ენდოკრინული სისტემა დღეღამური რიტმის დარღვევას სხვადასხვა სქესში სხვადასხვაგვარად ეპასუხება. ამას გარდა, დამაბნეველი ფაქტორი შეიძლება იყოს კვლევის ხანდაზმული მონაწილეები, რადგან ქალებში გულ-სისხლძარღვთა რისკი მენოპაუზის შემდეგ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ქალსა და კაცს შორის ასოციაციის სიძლიერეში სხვაობა არ იყოს“, — ვარაუდობს პლანსი.
ამ სახის კვლევებს არ შეუძლია იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა თავად ძილის დროს გავლენა გულის დაავადებაზე; გვიან გაღვიძებასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ქცევები.
ამას გარდა, კვლევა შეზღუდული იყო ასაკის, სოციოეკონომიკური და ეთნიკური თვალსაზრისითაც; მასში ძირითადად მონაწილეობდნენ თეთრკანიანი, შეძლებული, 43-დან 79 წლამდე ადამიანები. შესაბამისად, შედეგები შეიძლება იგივე არ იყოს სხვა დემოგრაფიულ მონაცემებში.
თუმცა, ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება აღმოფხვრის იმ პოტენციურ მიკერძოებებს, რომლებიც შეიძლება არსებობდეს გამოკითხვის მონაცემებზე დაფუძნებულ კვლევებში.
ამას გარდა, ახალი კვლევა ეთანხმება წინა კვლევასაც, რომელმაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების რისკის ზრდა აჩვენა იმ ადამიანებში, რომლებიც გვიან იძინებენ; მოშლილი იყო ორგანიზმის საათიც — მას რეგულარულად განსაზღვრულ დროს სჭირდება გადატვირთვა.
„თუ ჩვენი კვლევა სხვა კვლევებმაც დაადასტურა, დაძინების დრო და ძილის საბაზისო ჰიგიენა შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის იაფი სამიზნე იყოს გულის დაავადებათა შესამცირებლად“, — ასკვნის კვლევის ავტორი, ექსეტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი დევიდ პლანსი.
კვლევა European Heart Journal – Digital Health-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია escardio.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.