მარსზე სიცოცხლის პოვნის საუკეთესო საშუალება შეიძლება ხელოვნური ინტელექტი იყოს — #1tvმეცნიერება
მარსზე სიცოცხლის პოვნის საუკეთესო საშუალება შეიძლება ხელოვნური ინტელექტი იყოს — #1tvმეცნიერება

მარსზე სიცოცხლის საპოვნელად, პირველ რიგში საჭიროა, ვიცოდეთ, სად ვეძებოთ. წითელ პლანეტაზე ჩასვლა საკმაოდ რთულია და ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დარწმუნებული ხელთ არსებულ შესაძლებლობებში, რათა ტყუილად არ ვიწვალოთ.

მარსის ზედაპირის ფართობი თითქმის იგივეა, რაც დედამიწის ხმელეთის, მაგრამ არის ერთი საკვანძო განსხვავება. გაისროლეთ ქვა დედამიწაზე და სადაც კი დაეცემა, სიცოცხლე ყველგან იქნება. ამასობაში, მარსზე სიცოცხლის ისტორიის საკითხი ერთ-ერთი უდიდესი თავსატეხია.

მარსზე სიცოცხლის ძებნა შეიძლება გაცილებით გაამარტივოს ხელოვნურმა ინტელექტმა და მანქანურმა დასწავლამ. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც SETI ინსტიტუტის ასტრობიოლოგი კიმბერლი უორენ-როდსი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ ამ ხელსაწყოებს შეუძლია გამოავლინოს გეოგრაფიულ მონაცემებში ჩამალული მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება, სიცოცხლის ნიშნებზე მიუთითებდეს.

„ჩვენი კვლევა სტატისტიკური ეკოლოგიისა და მანქანური დასწავლის შესაძლებლობათა გაერთიანების საშუალებას გვაძლევს, რის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება იმ მახასიათებლების და წესების აღმოჩენა და პროგნოზირება, რომლებითაც ბუნება დედამიწის ყველაზე მკაცრ ლანდშაფტებში გადარჩენას და გავრცელებას ახერხებს“, — განმარტავს უორენ-როდსი.

იგი იმედოვნებს, რომ სხვა ასტრობიოლოგებთან ერთად, მიდგომას დახვეწენ, რათა გაადვილდეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი სხვა გარემოებისა და ბიოხელწერების კვლევაც. ამ მოდელებით კი შეეძლებათ საგზაო რუკებისა და ალგორითმების შემუშავება, რომლებიც მარსმავლებს უნდა გაუძღვნენ ისეთი ადგილებისკენ, სადაც ყველაზე მაღალია წარსულის ან ახლანდელი სიცოცხლის არსებობა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დამალული ან იშვიათი იქნება ის.

დედამიწაზე არის ერთი ადგილი, რომელიც საოცრად ჰგავს მარსის მშრალ ვაკეებს. ეს გახლავთ ატაკამის უდაბნო ჩილეში, პლანეტის ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი, სადაც წვიმა ათწლეულობით არ მოდის. ამ არასტუმართმოყვარე ადგილშიც კი, სიცოცხლე თავის გზას მაინც პოულობს გარკვეულ „ჯიბეებში“ და მიწისქვეშ.

უორენ-როდსი და მისი კოლეგები ფოკუსირდნენ რეგიონზე, რომელიც ატაკამის უდაბნოსა და ალტიპლანოს მთიანეთის რეგიონის, სახელად სალარ-დე-პახონალესის საზღვარზე მდებარეობს. ეს რეგიონი უძველესი მდინარის ხეობაა და ყველაზე მეტად ჰგავს მარსის გარემოს. მდებარეობს ზღვის დონიდან 3541 მეტრზე და შესაბამისად, იღებს მაღალი ოდენობით ულტრაიისფერ რადიაციას. იქ ასევე დაბალია ჟანგბადის რაოდენობა და არის უკიდურესი სიმშრალე და მარილიანობა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლე მაინც როგორღაც ახერხებს არსებობას — მინერალურ ფორმაციებში.

დაახლოებით 2,78 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, მკვლევრებმა 7765 სურათი გადაიღეს და 1154 ნიმუში აიღეს; მათში ეძებდნენ ბიოხელწერებს, რომლებიც ფოტოსინთეზური მიკრობების მანიშნებელი უნდა ყოფილიყო. მათ შორის იყო კაროტინოიდი და ქლოროფილი პიგმენტები, რომლებიც ქანებს ვარდისფერ ან მწვანე შეფერილობას აძლევს.

დრონებით გადაიღეს აეროფოტოებიც, რათა მოეხდინათ მარსის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრთა მიერ გადაღებული ფოტოების სიმულირება და შემდეგ, ისინი 3D ტოპოგრაფიულ რუკებს დაამატეს. ამის შემდეგ, ყველა ეს ინფორმაცია შეიტანეს კონვულციურ ნერვულ ქსელებში (CNN), რათა ხელოვნური ინტელექტი გაეწვრთნათ აუზში სიცოცხლისთვის უფრო დამახასიათებელი სტრუქტურების ამოცნობაში.

საინტერესოა, რომ კონვულციურმა ნერვულმა ქსელებმა აუზში მიკრობული სიცოცხლის გადანაწილების ნიმუშების იდენტიფიცირება შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზონა მინერალური შემადგენლობის თვალსაზრისით თითქმის ერთფეროვანია.

რბილი მინერალის, თაბაშირის გუმბათისებრი წარმონაქმნების დაახლოებით 40 პროცენტში სიცოცხლე არსებობდა; ასევე იყო თაბაშირის ზოლებით მოფენილი ნიადაგის დაახლოებით 50 პროცენტიც. მას შემდეგ, რაც დეტალურად შეისწავლეს, თუ ამ წარმონაქმნების რომელ ნაწილებში ყვაოდა სიცოცხლე, მკვლევრებმა მიაგნეს მიკროჰაბიტატებს. აღმოჩნდა, რომ მიკრობებს ძლიერ იზიდავდა თაბაშირის წვრილმარცვლოვანი, ფორებიანი, წყლის შემნარჩუნებელი ფორმის — ალებასტრის მონაკვეთები.

როგორც ჯგუფმა დაადგინა, ალებასტრის ეს მიკროჰაბიტატები თითქმის უნივერსალურად იყო „დასახლებული“ და წარმოადგენდა ბიოხელწერების ყველაზე საიმედო წინასწარმეტყველს, მიუთითებდა, რომ მიკროჰაბიტატის გადანაწილებათა ძირითადი წარმმართველი არის წყლის შემცველობა.

კონვულციურმა ნერვულმა ქსელებმა მკვლევრებს ბიოხელწერების გამოვლენის საშუალება შემთხვევათა 87,5 პროცენტში მისცა; ამავე დროს, შემთხვევითი ძებნისას, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენდა. შედეგად, ძებნისთვის საჭირო ხმელეთის ფართობი 85-97 პროცენტით შემცირდა.

„როგორც აეროფოტოებზე, ისე მიწისპირა, სანტიმეტრის მასშტაბის მონაცემებში, მოდელმა ძლიერი პროგნოზირების უნარი წარმოაჩინა იმ გეოლოგიური მასალების არსებობის მხრივ, რომლებიც ძლიერ სავარაუდოა, შეიცავდეს ბიოხელწერებს“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერი ფრედი კალაიცისი.

აქედან გამომდინარე, ამ მიდგომას აშკარად მრავალი სარგებელი აქვს. ამ კვლევამ დედამიწის ყველაზე ექსტრემალურ გარემოებში სიცოცხლის შესახებ რაღა გვასწავლა და მოგვცა მარსზე მისი იდენტიფიცირების იმედიც.

ჯგუფი გეგმავს, რომ კონვულციური ნერვული ქსელები სხვა ბიოხელწერებზეც გაწვრთნას, მაგალითად, სტრომათოლითებზე — განმარხებულ მიკრობულ „ხალიჩებზე“, რომელთა ასაკიც შეიძლება მილიარდობით წელიწადსაც აღწევდეს; ასევე ჰალოფილების საზოგადოებებზე — ორგანიზმებზე, რომლებიც სუპერმლაშე გარემოში ცოცხლობენ.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია seti.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.