მარსის ზედაპირი სიმშრალით არის ცნობილი. მთლიანი პლანეტა მტვრიანი, მოშიშვლებული უდაბნოა; ზოგიერთ რეგიონებში არის ყინულიც, მაგრამ ზედაპირზე ამ დრომდე დადასტურებული არ არის ერთი წვეთი თხევადი წყლის არსებობაც კი.
2018 წელს მეცნიერებმა გამაოგნებელი აღმოჩენის შესახებ გვამცნეს — მარსის სამხრეთ პოლუსთან, უზარმაზარი მიწისქვეშა ტბის არსებობის მტკიცებულება იპოვეს.
ახლახან, ეს აღმოჩენა მათ გადამწყვეტი ნაბიჯით წინ წასწიეს. როგორც ირკვევა, სამხრეთ პოლარული ყინულის ქუდის ქვეშ არა ერთი, არამედ მიწისქვეშა ტბების მთელი ქსელი იმალება.
„ერთი მყინვარქვეშა ტბის არსებობა შეიძლება დაგვეკავშირებინა დროებით გარემოსთან, მაგალითად, მყინვარული საფარის ქვეშ არსებულ ვულკანთან ან კონკრეტულად იმ ადგილის რაიმე სხვა სიტუაციასთან, სადაც ჩვენ პირველი მყინვარქვეშა ტბა ვიპოვეთ“, — ამბობს იტალიის რომი III-ის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ელენა პეტინელი.
მისივე თქმით, ტბების მთლიანი ქსელის აღმოჩენა მიუთითებს, რომ მათი წარმოქმნის პროცესი შედარებით ადვილი და შესაძლოა, საკმაოდ გავრცელებულიც იყოს.
პირველი მყინვარქვეშა ტბა წითელ პლანეტაზე ორი წლის წინ, მის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრ „მარს ექსპრესის“ რადარული ინსტრუმენტის მონაცემებით იპოვეს.
ამავე მეთოდის გამოყენებით, მეცნიერები მყინვარქვეშა ტბებს ეძებენ ანტარქტიდაზეც — იჭერენ ზედაპირიდან ასხლეტილ რადიოსიგნალებს და ზომავენ ექოებს, ტოპოგრაფიის დასახასიათებლად ეძებენ ცვლილებებს სიგნალებში.
ასეთმა რადარულმა კვლევებმა თავდაპირველად მხოლოდ ერთი, 20 კმ სიგანის მყინვარქვეშა ტბის არსებობა გამოავლინა, სამხრეთ პოლარული ყინულის ქუდიდან 1,5 კილომეტრის სიღრმეში.
„ზოგიერთი მასალა სიგნალს სხვებზე უკეთესად ირეკლავს და თხევადი წყალი სწორედ ერთ-ერთი ასეთი მასალაა“, — ამბობს ავსტრალიის სამხრეთ კვინზლენდის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი გრაციელა კაპარელი.
მისივე განცხადებით, გამომდინარე აქედან, როდესაც ზედაპირქვეშიდან მომდინარე სიგნალები ზედაპირიდან არეკლილზე უფრო ძლიერია, შეიძლება ამით დადასტურდეს, რომ ჩვენ წინაშეა თხევადი წყალი. იმის გამო, რომ ამ მეთოდს ამავე მიზნებით დედამიწაზეც ვიყენებთ, ის ძლიერ საიმედოა.
შესაბამისად, მეცნიერთა ჯგუფმა 2010-დან 2019 წლამდე შეგროვებულ მონაცემთა დამუშავება განაგრძო, რამაც მათ სამი ახალი, კაშკაშად არეკვლადი ზონა აპოვნინა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს, თავდაპირველი ტბიდან არც ისე შორს, იმალება მყინვარქვეშა ტბების ქსელი, რომელსაც მშრალი ქვიანი რეგიონები აცალკევებს.
როგორც პეტინელი აღნიშნავს, დედამიწაზე მყინვარქვეშა გარემოში ასეთი ძლიერი ანარეკლი ქვეშიდან, დაკავშირებულია საბაზისო წყლის არსებობასთან; არ არსებობს სხვა ფიზიკური მექანიზმი, რომელიც ასეთ ძლიერ ანომალიას წარმოქმნიდა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამჯერად იგივე შედეგები მონაცემთა დამუშავების უფრო მოწინავე მეთოდებითა და ანალიზით მიიღეს, ვიდრე 2018 წელს და შესაბამისად, დასტურდება არა მხოლოდ მაშინ აღმოჩენილი ტბის, არამედ სხვა ტბების არსებობაც.
გარდა ამისა, თუ იქ თხევადი წყალია, დიდი ალბათობით ის მარილიანი უნდა იყოს, წარმოუდგენლად მლაშე. მარსი ძალიან ცივია და მიუხედავად იმისა, რომ წიაღი ზედაპირზე უფრო თბილი უნდა იყოს, მაინც იმდენად ცივი იქნება, რომ მტკნარი წყალი გაიყინებოდა. ჯგუფის შეფასებით, 2018 წელს აღმოჩენილი ტბა დაახლოებით -68,15 გრადუსი ტემპერატურის უნდა იყოს.
თუმცა, მარილი გაყინვის წერტილს საკმაოდ დაბლა სწევს. როგორც ჯგუფი პუბლიკაციაში შენიშნავს, კალციუმისა და მაგნიუმის მარილებით გაჟღენთილი წყალი თხევადი შეიძლება დარჩეს -123 გრადუსზეც, თანაც საკმაოდ დიდი ხნით. როგორც კვლევებით არის ცნობილი, მარსი მდიდარია კალციუმისა, მაგნიუმისა და ნატრიუმის მარილებით.
გამომდინარე აქედან, დამატებითი მყინვარქვეშა მარილიანი ტბების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ადვილად წარმოიქმნება და გეოლოგიური დროის პერიოდებს სძლებს, რაც მარსის წყლისა და კლიმატის ისტორიის გამოცანის ამოხსნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასეთი ტბების არსებობას გავლენა ასევე აქვს მარსული მიკრობების ძებნაზე.
„სავარაუდოდ, ეს ტბები მარსის ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში არსებობს. ამის გამო, ისინი ჯერ კიდევ შეიძლება ინარჩუნებდეს სიცოცხლის იმ ნებისმიერი ფორმების კვალს, რომლებიც შესაძლოა მაშინ აღმოცენდა და განვითარდა, როდესაც მარსს მკვრივი ატმოსფერო, ზომიერი კლიმატი და ზედაპირზე თხევადი წყალი ჰქონდა, ადრეული დედამიწის მსგავსად“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერი რობერტო ოროზეი.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ ტბებში მიკრობული სიცოცხლე დღემდე ყვაოდეს.
ცნობილია, რომ მიკრობებს არსებობა შეუძლიათ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მლაშე, არასტუმართმოყვარე გარემოში და მყინვარქვეშა რეზერვუარებშიც. რა თქმა უნდა, მარსზე ასეთი აღმოჩენისგან ჯერ ძალიან შორს ვართ. მარსის თხევადი წყლის ახლოდან შესწავლა კი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს 1967 წელს დადებულ ღია კოსმოსის ხელშეკრულებას.
ჯგუფის შემდეგი ნაბიჯია წყლის ძებნა მთელი მარსის მასშატბით. უცნობია, არსებობს თუ არა თხევადი წყლის მიწისქვეშა რეზერვუარები დაბალ განედებზეც, მაგრამ ყინულის ქუდი ჩრდილოეთ პოლუსსაც აქვს. შესაბამისად, ასეთი ტბების არსებობას მკვლევრები არც იქ გამორიცხავენ.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.