მარსული წარმოშობის მეტეორიტი მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი ჯერ კიდევ მაშინ იყო, ვიდრე დედამიწაზე სიცოცხლე აღმოცენდებოდა — #1tvმეცნიერება
ცნობილია, რომ ერთ დროს მარსზე იმაზე გაცილებით მეტი წყალი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა, ბევრად რთულია იმის დადგენა, როდის გაჩნდა ან როდის აორთქლდა წყალი წითელ პლანეტაზე.
ახალი კვლევის მიხედვით, მარსზე წყალი უკვე უნდა ყოფილიყო 4,4 მილიარდი წლის წინ, ანუ გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანალიზები ჩაუტარეს მეტეორიტს, სახელად NWA 7533. ეს მეტეორიტი საჰარის უდაბნოში აღმოაჩინეს და დედამიწაზე მარსიდან არის მოხვედრილი მილიარდობით წლის წინ. მეტეორიტში არსებულ გარკვეულ მინერალთა დაჟანგვა წყლის არსებობაზე მიუთითებს.
აღმოჩენამ შეიძლება 700 მილიონი წლით უკან გადასწიოს მარსზე წყლის წარმოქმნის სავარაუდო თარიღი. ზოგადი კონსენსუსით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ წითელ პლანეტაზე წყალი 3,7 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. კვლევამ შეიძლება გარკვეული ნათელი მოჰფინოს თავად პლანეტის წარმოქმნის გარკვეულ დეტალებსაც.
„მარსული წარმოშობის მეტეორიტებში მინერალებს ვსწავლობ, რათა გავიგო, როგორ წარმოიქმნა მარსი და როგორ ვითარდებოდა მისი ქერქი და მანტია“, — ამბობს ტოკიოს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ტაკაში მიკუჩი.
მისივე თქმით, ეს განსაკუთრებული მეტეორიტი, რომელსაც მუქი ფერის გამო „ბნელ მშვენებას“ უწოდებენ, მან პირველად შეისწავლა. NWA 7533-დან აღებულ ნიმუშებს მათ ოთხი სხვადასხვა სახის სპექტროსკოპიული ანალიზი ჩაუტარეს, რათა ქიმიური კვალი დაეფიქსირებინათ. შედეგები საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა.
წყლის ისტორია პლანეტებსა და მთვარეებზე პლანეტურ მეცნიერებს ძლიერ აინტერესებთ. უცნობია, პლანეტურ სხეულს წყალი ფორმირების შემდეგ ემატება, თუნდაც ასტეორიდების ან კომეტების დაცემის შედეგად, თუ ის ბუნებრივად წარმოიქმნება პლანეტის ფორმაციის პროცესში.
NWA 7533 და მისი მსგავსი უძველესი ნამტვრევები მეცნიერებს დროში უკან დაბრუნებაში ეხმარება, რადგან ისინი შეიცავენ ჩანაწერებს იმ პლანეტებზე დარტყმის შესახებ, საიდანაც არიან წამოსული; გარდა ამისა, შეიცავს იმ გარკვეულ მინერალებსა და ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მათი წარმოქმნის დროს იმ პლანეტის ზედაპირზე იყო წარმოდგენილი.
ამ შემთხვევაში, წყალზე მინიშნებას გვაძლევს დაჟანგვა (ოქსიდაცია). NWA 7533-ს შიგნით არსებული გარკვეული ფრაგმენტები 4,4 მილიარდი წლის წინანდელია და წარმოადგენს მარსის უძველეს ჩანაწერს ჩვენს ხელთ არსებულთა შორის (სწორედ ამიტომ ფასობს ამ მეტეორიტის ერთი გრამი 10 000 დოლარად).
„მეტეორიტში ვულკანური ქანები მაგმისგან არის წარმოქმნილი, რაც დარტყმის ან დაჟანგვის შედეგად მოდის. დაჟანგვა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარსის ქერქზე ან მასში წყალი იყო 4,4 მილიარდი წლის წინ, მაშინ, როდესაც გარკვეული სხეულის დაცემამ ქერქი გაადნო“, — ამბობს მიკუჩი.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მარსზე წყალი პლანეტის წარმოქმნისთანავე იყო, რასაც თავის მხრივ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პლანეტური ფორმაციის კვლევებში. სამყაროში წყლის წარმოშობა ის საკითხია, რაც მეცნიერებს ერთ-ერთი ყველაზე მეტად აინტერესებთ. შედარებისათვის — ცნობილია, რომ სიცოცხლის ყველაზე ადრეული კვალი დედამიწაზე სულ მცირე 3,5 მილიარდი წლის წინანდელია.
იმის გასარკვევად, როდის და როგორ გაჩნდა მარსზე წყალი, მეცნიერები დეტალურ კვლევებს აგრძელებენ. ერთ-ერთი უახლესი კვლევის მიხედვით, წითელ პლანეტაზე ერთდროულად უნდა არსებულიყო როგორც თხევადი წყალი, ისე ზედაპირის ყინული.
მეტეორიტის ახალი კვლევა მიუთითებს იმასაც, რომ იმ დროს მარსის ატმოსფეროში უნდა ყოფილიყო დიდი ოდენობით წყალბადიც, რომელსაც პლანეტა საკმარისად უნდა გაეთბო იმისთვის, რათა იქ თხევადი წყალი და სიცოცხლე ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მზე იმ პერიოდში ახალგაზრდა და უფრო მკრთალი იყო.
„ჩვენი ანალიზები ასევე მიუთითებს, რომ ასეთ დარტყმებს პლანეტის წიაღიდან დიდი ოდენობით წყალბადი უნდა გამოეთავისუფლებინა, რომელსაც მარსი უნდა გაეთბო მაშინ, როდესაც მას უკვე ჰქონდა ნახშირორჟანგის სქელი, საიზოლაციო ატმოსფერო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტოკიოს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ტაკაში მიკუჩი.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია u-tokyo.ac.jp-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.