მარსმავალმა Curiosity-მ წითელი პლანეტის მთაზე თვალწარმტაცი პანორამული სელფი გადაიღო
NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ საკუთარი თავისა და წითელი პლანეტის ეგზოტიკური, 360 გრადუსიანი ფოტო გადაიღო.
Curiosity-მ პანორამული სურათი 9 აგვისტოს, ქანების გაბურღვისა და ნიმუშების აღების შემდეგ გადაიღო. ინტერაქტიული ფოტო NASA-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ასახულია ვერა რუბინის ქედის სხვადასხვაგვარი რელიეფი, რომელსაც მავალი უკვე ერთი წელიწადია იკვლევს. ფოტოზე კარგად ჩანს ქვიშის შტორმის მიერ ჩაბნელებული ცაც.
მაისის ბოლოდან მარსზე ქვიშის შტორმი მძვინვარებდა, რომელმაც სავარაუდოდ იმსხვერპლა Curiosity-ს თანამოძმე, უფრო ძველი და პატარა მავალი Opportunity, რომლისგანაც 10 ივნისის შემდეგ აღარაფერი ისმის. 20 ივნისისთვის შტორმმა მთლიანი პლანეტა მოიცვა.
ივლისის ბოლოს ქვიშის შტორმი მიწყნარდა და ნელ-ნელა ქრება. მართალია, Opportunity ჯერჯერობით კავშირზე არ გამოდის, მაგრამ NASA მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ მარსმავალი სტიქიას გადაურჩა.
Curiosity ბირთვულ საწვავზე მუშაობს და შესაბამისად, ქვიშის შტორმს მის საქმიანობაზე დიდად არ უმოქმედია. თუმცა, 1-ტონიან მავალს ბოლო დროს სულ სხვა პრობლემები შეექმნა. მაგალითად, გაბურღვის ბოლო ორი მცდელობისას, მის მიერ აღებული ნიმუშები გამოუსადეგარი აღმოჩნდა.
როგორც NASA-ს განცხადებაში Curiosity-ს ჯგუფის წევრი აშვინ ვასავადა აღნიშნავს, გაბურღვის სირთულის მიზეზი შესაძლოა, იყოს დიდი ხნის წინ არსებული მიწისქვეშა წყლები, რომელმაც დანალქების მოტანის შედეგად ვერა რუბინის ქედის გარკვეული ადგილები ჩააცემენტა.
ვერა რუბინის ქედი შარპის მთის კალთებზე მდებარეობს. ამ მთის სიმაღლე 5,5 კილომეტრია და აზიდულია 154 კმ სიგანის გეილის კრატერის ცენტრში. შარპის მთის მთისწინეთი Curiosity-ს სამეცნიერო კვლევების პირველი სამიზნე იყო. ქანების საშუალებით, მავალი იქ მარსის შეცვილი გარემოს ისტორიას იკვლევს.
ვერა რუბინის ქედზე სექტემბერში კიდევ ორი გაბურღვაა დაგეგმილი. NASA-ს განცხადებით, თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, Curiosity ქედს ოქტომბერში გადაივლის და შარპის მთის ზედა ნაწილში თიხისა და სულფატების შემცველ დანალექთა ნიმუშებს აიღებს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.