მარსის ყველაზე დეტალური პანორამა ისტორიაში — „კურიოზიტის“ ახალი კადრები
12:50, 05.03.2020
გასული წლის ნოემბრის ერთ მშვენიერ დღეს, შარპის მთის ფერდობზე ნელ-ნელა მიმავალ მარსმავალ „კურიოზიტის“ წინაშე წითელი პლანეტის ვრცელი, თვალწარმტაცი, მარტოსული ხედი გადაიშალა. მავალმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, თავის კამერა მოიმარჯვა და ფოტოების გადაღებას შეუდგა.
შედეგი უბრალოდ სუნთქვისშემკვრელია, თითქმის 1,8-მილიარდ პიქსელიანი პანორამა, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში, ჯამში 6,5 საათის განმავლობაში გადაღებული 1000 ცალკეული ფოტოსგან შედგება.
იმის გამო, რომ ასეთი პანორამების გადაღება მხოლოდ დღისით არის შესაძლებელი, „კურიოზიტი“ ასეთი კადრებით ხშირად არ გვანებივრებს, რადგან მას სხვა უამრავი სამეცნიერო საქმეც აქვს და ამისათვის უბრალოდ არ სცალია.
„კურიოზიტის“ პროექტის მეცნიერის, ეშვინ ვასავადას განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისიის ხელმძღვანელობამ მავალის სხვა ოპერაციების შეჩერება და 360-გრადუსიანი პანორამის გადაღება გადაწყვიტა.
ფოტოზე ასახულია რეგიონი, სახელად გლენ-ტორიდონი, რომელსაც ასეთი სახელი შოტლანდიის ერთი ადგილის მიხედვით უწოდეს. მავალი ამ რეგიონის 2019 წლის იანვრიდან იკვლევს, მას შემდეგ, რაც ჰემატიტებით მდიდარი ვერა რუბინის ქედიდან ჩამოვიდა.
თავის მხრივ, გლენ-ტორიდონი მდიდარია დანალექოვან ქანებში შრეების სახით განთავსებული თიხა-მინერალებით და წარმოადგენს პლანეტურ გეოლოგთა დიდი ინტერესის საგანს. სინჯების აღებისა და ანალიზის შემდეგ, „კურიოზიტიმ“ შეუფასებელი ინფორმაცია მოგვაწოდა მარსის კლიმატის ცვლილების ისტორიის შესახებ.
მავალის მიერ გაბურღვის შედეგად აღებული ნიმუშები ადასტურებს, რომ თიხა პლანეტაზე იმაზე მეტია, ვიდრე ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრებიდან ჩანდა. უფრო ამაღელვებელი კი ის არის, რომ ერთ-ერთ ნოტიო ნიმუშში აღმოჩნდა ორგანული მოლეკულები; მართალია, ეს წითელ პლანეტაზე ორგანული მოლეკულების პოვნის პირველი შემთხვევა არ იყო, მაგრამ უფრო მეტად დადასტურდა, რომ მარსის მიწაში ნამდვილად არის წარმოდგენილი ორგანული ქიმია.
ეს რეგიონი ასევე დაგვეხმარა უკეთ შეგვესწავლა გეილის კრატერის დრამატული ცვლილებები. გეილის კრატერი ვრცელი დარტყმითი კრატერია, რომლის ცენტრშიც აღმართულია შარპის მთა. როგორც მტკიცებულებები მიუთითებს, ეს კრატერი ერთ დროს ამოვსებული იყო მლაშე ტბით, რომელიც შემდეგ გაქრა, თუმცა როგორ, ეს ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის.
გლენ-ტორიდონის დანალექოვან ქანებში „კურიოზიტის“ მიერ აღმოჩენილი ცვლილებები მიუთითებს, რომ გარკვეულ მომენტში იქ რაღაც ცვლილება მოხდა, შეიცვალა გეილის კრატერზე ქანების დალექვის გზა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მიუთითებს გარემოში მომხდარ ცვლილებაზე — ღრმა ტბა გაქრა.
ამ რეგიონში გაკეთებული აღმოჩენების შესახებ მეცნიერებს მზად აქვთ კვლევები, რომლებიც მთვარისა და პლანეტის 51-ე სამეცნიერო კონფერენციაზე უნდა წარმოედგინათ, მაგრამ ეს უკანასკნელი COVID-19-ის გავრცელების გამო გაუქმდა. სავარაუდოდ, ამ კვლევების შედეგებს მაინც მალე ვიხილავთ.
ამ მომენტში, „კურიოზიტი“ მიცოცავს შარპის მთის ქვედა კალთებზე მდებარე ფორმაცია გრინჰიუს ფროტონისკენ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ სექციის კვლევა კიდევ უფრი მეტ ცნობას მოგვაწვდის მარსის ამ რეგიონის გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და კლიმატური ისტორიის შესახებ.
სრული გაფართოების მქონე ფოტოების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.