მარსის ვერტმფრენს NASA-მ ძმები რაიტების პირველი საფრენი აპარატის ფრაგმენტი გაატანა — #1tvმეცნიერება
ძმები რაიტების პირველი საფრენი აპარატის ერთი დეტალი უკვე მარსზეა.
NASA-ს ექსპერიმენტულ მარსულ ვერტმფრენზე დაკრულია ძმები რაიტების მიერ 1903 წელს შექმნილი პირველი საფრენი აპარატის მასალის მცირე ნაწილი. ამის შესახებ სააგენტომ საზოგადოებას ახლა გაუმჟღავნა. მინი-ვერტმფრენი, სახელად „ინჯენუიტი“ 18 თებერვალს მარსზე მავალმა „პერსევერანსმა“ ჩაიტანა.
8 არილს, „ინჯენუიტი“ ძალური ძრავით პირველ კონტროლირებად ფრენას შეეცდება სხვა პლანეტაზე. როგორც NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის პლანეტური მეცნიერების განყოფილების დირექტორი ბობ ბრაუნი ამბობს, აპარატი „ძმები რაიტების მომენტს“ გაიმეორებს.
რაიტების საფრენი აპარატის მარცხენა ფრთის ქვედა ნაწილის მიტკლის ქსოვილის მცირე ნაჭერი, დაახლოებით საფოსტო მარკის ზომის, NASA-ს რაიტების მშობლიურ ქალაქ დეიტონში მოქმედმა კარილონის ისტორიულმა პარკმა გადასცა.
„ორვილ და უილბურ რაიტებს დიდად ესიამოვნებოდათ, რომ იცოდნენ, რომ 1903 წელს მათ მიერ შექმნილი საფრენი აპარატის ციცქნა ნაწილი ისტორიას კიდევ ერთხელ დაწერს, ამჯერად მარსზე! ეს ხომ ის აპარატი იყო, რომელმაც სულ რაღაც 400 მეტრზე ფრენით სათავე დაუდო ფრენების ხანას“, — წერენ განცხადებაში რაიტების შთამომავლები, ამანდა რაიტ ლეინი და სტივენ რაიტი.
1903 წლის 17 დეკემბერს, ჩრდილოეთ კაროლინას პატარა ქალაქ კიტი-ჰაუკში ორვილ რაიტმა მსოფლიოში პირველად შეასრულა კონტროლირებადი ფრენა ძალური ძრავით აღჭურვილი აპარატით. იმავე დღეს, ძმებმა სულ ოთხი ფრენა განახორციელეს.
მათი აპარატის მერქნისა და ქსოვილის ფრაგმენტები 1969 წელს მისია აპოლო 11-ით მთვარეზე თან ჰქონდა ნილ არმსტრონგს. ეს ფრაგმენტები 1998 წელს დედამიწის ორბიტაზე შატლ „Discovery-თ“ განხორციელებული ფრენისას თან ახლდა ასტრონავტ ჯონ გლენსაც.
აპრილის დასაწყისში, NASA-ს 1,80კილოგრამიანი მინი-ვერტმფრენი მარსის უკიდურესად თხელ ჰაერში 3 მეტრის სიმაღლეზე ფრენას შეეცდება. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ვერტმფრენი უფრო მაღლა და შორს განახორციელებს ფრენებს.
რაიტების აპარატის ფრაგმენტი ვერტმფრენის მზის პანელის ქვეშ, კაბელზეა მიკრული.
ამ მომენტისთვის, „ინჯენუიტი“ მარსმავლის „მუცელშია“ მოთავსებული. რამდენიმე დღის წინ, „პერსევერანსმა“ უკვე მოიცილა ვერტმფრენის დამცავი ფარი (მთავარ ფოტოზე) და ვერტმფრენის ნაწილებიც კარგად გამოჩნდა.
მას შემდეგ, რაც „პერსევერანსი“ თავის „მუცლიდან“ ვერტმფრენს გადმოსვამს, 25 საათის განმავლობაში მას ხუთი მეტრით უნდა მოშორდეს, რათა მისი ჩრდილი „ინჯენუიტის“ არ ეცემოდეს.
ფრენის დროს, „ინჯენუიტი“ მაღალი რეზოლუციის ფოტოებსაც გადაიღებს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, „პერსევერანსი“ ვერტმფრენისგან ისეთ მანძილზე იქნება, რომ მისი ფრენა საკუთარი კამერებით გადაიღოს.
მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.