მარკო მატერაცი - კალაძის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, ხვალ სტადიონზე მხიარული გარემო იქნება #1TVSPORT
ლეგენდების სერიის პირველ მატჩმადე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართეს.
არჩილ არველაძე: „ძალიან მიხარია, რომ შევიკრიბეთ. მადლობა სტუმრებს ჩამობრძანებისთვის. იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება მხიარული, მეგობრული მატჩი და ჩვენი სტუმრები ბათუმში ორ კარგ საღამოს გაატარებენ. დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონი და ატმოსფერო მოეწონებათ“.
კახა კალაძე: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა „ინტერთან“, წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა „მილანში“ თამაშის შესაძლებლობა მომცა. როგორც ფეხბურთელმა, საკლუბო დონეზე ყველა ტიტული მოვიგე.
მადლობა შეხვედრის ორგანიზატორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის. ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივი და მეგობრული იქნება. ქართველ გულშემატკივარს ჩვენს საყვარელ ქალაქ ბათუმში კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“.
მარკო მატერაცი: „საფეხბურთო კარიერის მანძილზე მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთ ფეხბურთელის წინააღმდეგ, როგორიც კახა კალაძეა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, კახა ძლიერ გუნდში იყო და, სამწუხაროდ, ბევრჯერ წაგვიგია. ხვალ საშუალება გვექნება, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამხანაგურ მატჩში. გარდა თამაშისა, იქნება მხიარული გარემო და ბევრი ღიმილი“.
საქართველოსა და მილანის „ინტერის“ ლეგენდების მატჩი „ბათუმი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.