ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - „ინტერის“ ლეგენდების შემდეგ სხვა გუნდების ჩამოყვანა ძალიან მარტივი იქნება #1TVSPORT
ტაიმაუტი | არჩილ არველაძე - „ინტერის“ ლეგენდების შემდეგ სხვა გუნდების ჩამოყვანა ძალიან მარტივი იქნება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო არჩილ არველაძე, რომელიც 7 მარტს ბათუმში დაგეგმილი ლეგენდების მატჩის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

„საიდან დაიბადა ლეგენდების მატჩის იდეა და რატომ მოვიწვიეთ „ინტერი?“ ეს იდეა გულის სიღრმეში სულ იყო. რამდენიმე მსგავსი თამაში აქამდეც ჩატარდა – შოთა (არველაძე) და კახა კალაძის გაცილება და მარადონას სტუმრობა, ასევე თბილისის „დინამოს“ თასების მფლობელთა თასზე გამარჯვების 20 წლისთავისადმი მიღძვნილი მატჩი, რომელიც რეზის (არველაძე) ორგანიზებული იყო.

მსგავს თამაშებზე შოთას ხშირად იწვევდნენ. ლუიშ ფიგუსთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელსაც მსგავსი მატჩების ორგანიზების ფონდი აქვს. 3-4-ჯერ ვიყავი ასეთ მატჩზე, რაც ძალიან ემოციურია. ფეხბურთელისთვის მეტი ადრენალინი არ არსებობს, ვიდრე გულშემატკივართან შეხვედრა და ტაშია.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენმა მეგობარმა, ოთო მუმლაძემ გვითხრა, არის შესაძლებლობა, მსგავსი მატჩი ჩვენთანაც ჩავატაროთო და დავიწყეთ ფიქრი. მივწერეთ „ბარსელონას“, „აიაქსს“, „ინტერს“. იტალიელების შემადგენლობას რომ გავეცანით, ძალიან შთამბეჭდავი იყო და ყველაფერი მალე მოგვარდა. შოთა და თემურ ქეცბაია იტალიაში ჩავიდნენ, „ინტერის“ წარმომადგენლები ბათუმში ჩამოვიდნენ, ვითარება შეისწავლეს და შევთანხმდით.

თამაშის ორგანიზებაში ფეხბურთის ფედერაცია გვეხმარება. დიდი სურვილი გვაქვს, მატჩი მაღალ დონეზე ჩატარდეს. გვიხარია, რომ ბილეთები სწრაფად გაიყიდა და დიდი აჟიოტაჟია. ეს არ იქნება ერთჯერადი თამაში – „ინტერის“ მერე სხვა გუნდების ჩამოყვანა გამარტივდება და თბილისშიც აუცილებლად ვითამაშებთ. იმედია, ლეგენდების მატჩის თანადგომის მსურველი მეტი ბიზნესმენიც გამოჩნდება“, – ამბობს არჩილ არველაძე.

Legend Series-ის პირველი მატჩი ბათუმში 7 მარტს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს GEO11 და Inter Forever დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ბათუმის სტადიონზე Sports Orient-ის ორგანიზებით შედგება, ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.