მარიუპოლის მერის ცნობით, ქალაქში ომის დაწყებიდან თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა
მარიუპოლის მერის ცნობით, ქალაქში ომის დაწყებიდან თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა

ომის დაწყებიდან მარიუპოლში თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან 210 ბავშვი. შესაბამის მონაცემებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.

მერის ინფორმაციით, ქალაქი უკვე 27 დღეა რუსეთის ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული.

მერის ცნობით, მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების 90% დანგრეული ან დაზიანებულია. ამასთან, ქალაქში მთლიანად დანგრეულია სამი საავადმყოფო, ერთი პოლიკლინიკა და ერთი სამშობიარო.

57 დაზიანებული სკოლიდან 23 მთლიანად დანგრეულია. ასევე 70 დაზიანებული საბავშვო ბაღიდან დანგრეულია 28.

მარიუპოლში ასევე დაზიანებულია ორი ქარხანა, პორტი და სამხედრო ნაწილი.

მარიუპოლის ბლოკადის დაწყებამდე ქალაქი 140 ათასამდე ადამიანმა დატოვა, ბლოკადის შემდეგ კი, ქალაქიდან 150 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. მერის მონაცემებით, ამჟამად ალყაში მყოფ ქალაქში დარჩენილია 170 ათასამდე მოქალაქე.