მტრის შეკავებით ჩვენმა გმირმა სამხედროებმა მოგვცეს შესაძლებლობა, უკეთესად მოვმზადებულიყავით. ამიტომ, ეს არ იყო მხოლოდ მარიუპოლის დაცვა, ეს იყო მთელი უკრაინის დაცვა. ისინი ნამდვილი გმირები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ „ინტერვიუში“ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ევაკუაციის პროცესს თავად ქვეყნის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი მართავს, რომელსაც დასახული აქვს მნიშვნელოვანი მისია – ხალხის სიცოცხლის გადარჩენა.
„დღეს მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებით, რომლებიც 80-ზე მეტი დღის განმავლობაში იცავდნენ და იცავენ მარიუპოლს, შევძელით მტრის შეჩერება. მტრის შეკავებით მათ მოგვცეს შესაძლებლობა, უკეთესად მოვმზადებულიყავით. ამიტომ, ეს არ იყო მხოლოდ მარიუპოლის დაცვა, ეს იყო მთელი უკრაინის დაცვა. ისინი ნამდვილი გმირები არიან. პრეზიდენტი ასრულებს ამ მნიშვნელოვან მისიას, რომ ჩვენი ლეგენდარული სამხედროები და ეს ლეგენდა იყოს ცოცხალი, რომ ისინი ცოცხლები დაბრუნდნენ შინ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებაა. მისია ახლა ხორციელდება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომელმაც განახორციელა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ორი თვე ელოდებოდნენ ევაკუაციას, ახლა იმყოფებიან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დღეს ეს მნიშვნელოვანი მისია დაიწყო. ჩვენ ძალიან დელიკატურად ვაკეთებთ კომენტარებს ამ მისიაზე, რადგან ის გრძელდება და ველოდებით სიახლეებს პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომელიც მართავს დღეს ამ პროცესს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.
რაც შეეხება „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროების გამოყვანის შემდეგ სხვა სამხედროების ბედს, როგორც მერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დღეს ეს თემა ძალიან დელიკატურია. მისია გრძელდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ერთი მარტივი მიზეზის გამო – ნებისმიერ რამეს, ნიავსაც კი, შეუძლია ოპერაციის შეჩერება. მოდით, ის დასრულდეს და შემდეგ გავიგებთ, რა მოხერხდა, რა არის პროცესში და ასე შემდეგ. ახლა მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ევაკუაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება, რაც აქვს დასახული უკრაინის პრეზიდენტს, ეს იყო, არის და იქნება ხალხის სიცოცხლის გადარჩენა. ყველა მისია, რაც განხორციელდა მარიუპოლიდან, ყველა ძალიან, ძალიან რთულია და ეს უბრალოდ უნდა გავიგოთ. ყველა ასეთი მისია, ყველა სიცოცხლე, რომელმაც მიიღო გაგრძელების შესაძლებლობა, მართვის ყველა ხაზის მუშაობის დამსახურებაა.
ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენმა მარიუპოლის დამცველებმა შეძლეს შეუძლებელი და აკეთებენ შეუძლებელს იმ სასტიკი ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მარიუპოლი იყო, არის და რჩება უკრაინის ქალაქად, – ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ჩვენი უკრაინელი გმირების სიტყვებია. ჩვენმა გმირებმა დღეს შეასრულეს ბრძანება, არ გატეხეს ფიცი, გააკეთეს შეუძლებელი და ისინი იმსახურებენ, რომ იცოცხლონ“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.
მარიუპოლის მერმა გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმად, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო „აზოვის“ ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს.
„რაც გვესმის რუსეთისგან, არის ინფორმაცია შიდა მოხმარებისთვის. არის მოლაპარაკებების პროცესი. არის მისია, არის დავალება – გადავარჩინოთ ჩვენი გმირების სიცოცხლე და ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ დღეს. რაც შეეხება „აზოვს“, არ დავიღლები ამის გამეორებით: „აზოვი“ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი, ასე იყო, არის და ასე რჩება. „აზოვს“ ასეთი დასახელება იმიტომ აქვს, რომ ის განთავსებულია „აზოვის“ ზღვასთან, ისინი ეროვნული გვარდიის ნაწილები არიან და იქ არ არის მხოლოდ „აზოვი“, არიან საზღვაო ქვეითები, სასაზღვრო ძალები, იქ არიან სხვადასხვა პროფილის ქვედანაყოფები, იქ არ არის მხოლოდ „აზოვი“, უბრალოდ ვიღაცამ მოიგონა ეს ლეგენდა და ცდილობს, ამის სჯეროდეს, ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალები. ეს ჩვეულებრივი მარიუპოლებები არიან, ჩემი მეზობლები მაგალითად, ჩემი შვილი, რომელიც ასევე უკრაინის შეირაღებული ძალების რიგებშია“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.
ამასთან, შეკითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა მესამე მხარე ევაკუაციის პროცესში, ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პროცესში დაზუსტებით მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი მთავარი მიზანია, ყველა გმირის სიცოცხლე გადარჩეს. ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ დავალებას, უზრუნველყოფს მათ შორის ჩვენს ინფორმირებას ამ ოპერაციის შესახებ, ასევე საკმაოდ დელიკატურად“, – აღნიშნა ვადიმ ბოიჩენკომ.
ამასთან, როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ადგილობრივი მთავრობა მარიუპოლში 24 მარტამდე მუშაობდა, შემდეგ კი, ქალაქში რუსეთის ძალები და საოკუპაციო ხელმძღვანელობა შევიდა.
მისი თქით, პუტინმა თავისი არმიით ახლა უფრო დიდი ზიანი მიაყენა მარიუპოლს, ვიდრე ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის დროს.
„მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპაციის ორი წლის განმავლობაში, ჰიტლერის არმიამ 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, ორთვიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსმა საოკუპაციო ძალებმა 25 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს. პუტინმა თავისი არმიით უფრო დიდი ზიანი მიაყენა მარიუპოლს, ვიდრე ჰიტლერის ორწლიანი ოკუპაციის დროს ფაშისტებმა.
ჩვენ გვქონდა და გვაქვს მარიუპოლში დაბრუნების არა იმედი, არამედ გეგმა, რომ რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავბრუნდეთ სახლებში. დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ქალაქ მარიუპოლის აღდგენის გეგმაზე. მუშაობს საექსპერტო ჯგუფი. ვაფიქსირებთ ყველა დანაშაულს, რომელსაც რუსი სამხედროები ჩადიან. ყველა დაზიანებას. ჩვენ არ ველოდებით ომის დასრულებას და დღეს ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.