მარიუპოლის მერი აცხადებს, რომ რუსული მხარე ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას აჭიანურებს
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ რუსული მხარე მარიუპოლიდან ევაკუაციას აჭიანურებს. აღნიშნულის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ ონლაინბრიფინგზე განაცხადა.
„მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა კვლავ ძალიან რთულია. გუშინ გამოცხადდა, რომ ევაკუაციისთვის ბევრი ავტობუსი იქნებოდა, თუმცა ჩამოვიდა მხოლოდ შვიდი. ოკუპანტებს უნდა მიეთითებინათ მკაფიო მარშრუტი ევაკუაციისთვის, რომ ჩვენ ამ მარშრუტით შეგვევსო ავტობუსები, რომელთა რაოდენობა ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო. თუმცა მათ ასეთი განზრახვა არ ჰქონიათ და ეს ავტობუსები გაემართნენ მხოლოდ ერთი ლოკაციიდან, რომელიც ქალაქის სხვა ნაწილიდან მოწყვეტილია და სადაც მოხვედრა რთულია. მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც მივიდნენ ამ წერტილში, რა დროსაც დაიწყო შეტაკება, ისმოდა სროლის ხმა. ტანკები ჩვენი ქალაქის დამცველებს უტევდნენ. ამიტომ შეშინებულ ხალხს უნდა მიეღო პირადი გადაწყვეტილება, გამგზავრებულიყვნენ თუ – არა. სამწუხაროდ, ბევრმა ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან მიიჩნიეს, რომ ქალაქიდან გამგზავრება საშიში იქნებოდა“, – განაცხადა ბოიჩენკომ.
როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, დღეს საევაკუაციო ავტობუსებს 200-მდე ადამიანი ელოდება, თუმცა ჯერ უცნობია, შედგება თუ არა ევაკუაცია. მისი ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 22 ავტობუსი მოითხოვა, რომლებიც მარიუპოლში მისამართზე ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა 15:00 საათის მდგომარეობით, ავტობუსები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქიდან ოთხი ავტობუსით 80 მგზავრის გაყვანა მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, 13 მარტის შემდეგ, მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 100 ათასზე მეტი ადამიანის გაყვანა გახდა შესაძლებელი.
ვადიმ ბოიჩენკო ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ძალები სამხედრო დანაშაულების კვალის დაფარვას ცდილობენ.
„ბოლო დღეებში ჩვენ ბევრი შეტყობინება მივიღეთ, რომ მარიუპოლის ქუჩებიდან ქრება ცხედრები. ამ ინფორმაციას გვაწვდიან ქალაქის მცხოვრებლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან საშიშია. რუსი დამპყრობლები ასუფთავებენ თავიანთი სამხედრო დანაშაულებების კვალს, მარხავენ ცხედრებს. ჩვენ უკვე ვიპოვეთ ადგილი. მასობრივი სამარხი აღმოჩენილია ქალაქ მანჰუშის შემოვლითი გზის მახლობლად. იქ არის 30 მეტრის სიგრძის თხრილი, სადაც მოკლული მარიუპოლელების ცხედრები სატვირთო მანქანებით გადააქვთ“, – განაცხადა ბოიჩენკომ.