მარიამ ჯაში უარყოფს ინფორმაციას, რომ 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე სასტუმრო კომპლექსი შენდება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უარყოფს ინფორმაციას, რომ ისნის რაიონში, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე სასტუმრო კომპლექსი შენდება, – ამის შესახებ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ეფუძნება ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. როგორც ჯაში ამბობს, რეალურად, ბაღის დახურვის ერთადერთი მოტივაცია ბავშვთა უსაფრთხოების დაცვაა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ავარიულობის დასკვნის მიხედვით, იმისთვის რომ ბავშვთა უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, სთავაზობენ როგორც პედაგოგებს, ასევე მშობლებს, რომ მოხდეს გადანაწილება სხვადასხვა ბაღებში. რაც მთავარია, მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ დასკვნას, თითქოს, ბაღის ადგილზე შენდება სასტუმრო კომპლექსი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ერთადერთი მოტივაცია არის ბავშვთა უსაფრთხოება. მეც უფრო დეტალურად გავერკვევი დასკვნაში და ასევე გავესაუბრები პედაგოგებსა და მშობლებს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
თბილისში, ისნის რაიონში 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვას აპროტესტებენ.
ცოტა ხნის წინ, მათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც გზის სავალი ნაწილიდან მოქალაქეები ტროტუარზე გადაიყვანა.
ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.
N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.
როგორც ბაღების სააგენტოში პირველ არხს განუმარტეს, ბაღის უკანა კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა, წინა ფლიგელი კი არ გარემონტებულა, თუმცა, მათივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მთელი შენობის ავარიულობაზეა საუბარი.