მარიამ ჯაში - „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს წინასაარჩევნოდ ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
მარიამ ჯაში - „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს წინასაარჩევნოდ ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს იყენებს წინასაარჩევნოდ ვიწროპოლიტიკური მიზნებისათვის, – ამის შესახებ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დავით გარეჯის საზღვრების საკითხთან დაკავშირებით ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საგარეო სამინისტროს ორჯერ მიმართეს, მაგრამ უწყების მხრიდან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა.

ამასთან, როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა არა პოპულისტური განცხადებებით,კონფლიქტის გამაღვივებელი მოქმედებებით უნდა გადაწყდეს, არამედ აკადემიური მსჯელობით, ორმხრივი, მრავალმხრივი დიალოგითა და დიპლომატიური სამსახურების ჩართულობით.

„პირველ რიგში, ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს წინასაარჩევნოდ ვიწროპოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ბოლო შვიდ თვეში დავით გარეჯის საკითხზე ჩვენმა ფრაქციამ ორჯერ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს (17 მარტს და 19 ივნისს), თუმცა არც წერილობითი პასუხი მიგვიღია დღემდე და არც მინისტრი მოსულა საკომიტეტო მოსმენაზე. რეაგირების გარეშე დატოვა ჩვენი 27 მაისის მიმართვაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა. სამწუხაროდ, მხოლოდ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ინტერესდება მთავრობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედით. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა წლების მანძილზე თავს არიდებდა საჯარო განხილვებს, რაც მართებული იყო. დღეს კი ყველაზე ხმაურიანი, მიუღებელი ფორმითა და ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებისათვის ყველაზე შეუფერებელ დროს ხდება საჯარო დებატების გააქტიურება. ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა არა პოპულისტური განცხადებებით და კონფლიქტის გამაღვივებელი მოქმედებებით უნდა გადაწყდეს, არამედ აკადემიური მსჯელობით და ორმხრივი, მრავალმხრივი დიალოგით დიპლომატიური სამსახურების ჩართულობით. თუკი საბოლოოდ დავით გარეჯისა და მიმდებარე ტერიტორიების საკითხი საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყდა, ეს უპირველესად საქართველოს პატრიარქის და საპატრიარქოს დამსახურება იქნება.

არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა შეეცადოს პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მით უმეტეს, რომ კონკრეტული ქმედებებით თუ უმოქმედობით, ყველა მთავრობამ დაუშვა შეცდომები. იქ, სადაც წლების მანძილზე იდგნენ ქართველი მესაზღვრეები დღეს დგანან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მაგრამ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა 1996 წლის შეთანხმების შემდეგ და საზოგადოებას ბევრ კითხვაზე სჭირდება პასუხი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამა კირიონს. ვიცნობ მას, როგორც გამორჩეულ და ღირსეულ ღვთისმსახურს, რომელიც მამა გაბრიელის კურთხევით 25 წელია ემსახურება დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსს და იბრძვის ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ინტერსების დასაცავად. ბატონი ივერი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალია ილიჩოვას საქმეზე – ჩვენ უპირობოდ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინასწარი შეფასებებისაგან თავს ვიკავებთ. აქვე ვთვლით, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში ექსპერტები არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად პასუხისმგებელი პირები. დაბოლოს, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გარემო და შესაძლოა დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები. ამიტომ ვფიქრობთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. არჩევნების შემდეგ კი გამოძიება რომ არ დარჩეს საარჩევნო პოპულისტურ ნაბიჯად – აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.