მარიამ ჯაში - 200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი
მარიამ ჯაში - 200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი

200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ანაზღაურება, რომელზეც უწევს მუშაობა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, საკმაოდ მძიმე გრაფიკით, თუნდაც, სავაჭრო ობიექტებში, ელემენტარული ბაზისური, ცხოვრებისეული პირობებისთვის აბსოლუტურად არადეკვატურია. მინიმალური ხელფასი ყველა ცივილურ, განვითარებულ სახელმწიფოში არის ნორმა და გარკვეული რეგულაცია, საქართველოში კი რატომღაც, ამაზე მსჯელობაც კი პრობლემა გახდა. ჩვენ ეს თემა აუცილებლად გვექნება საარჩევო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ხელფასების გაზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მაგრამ 200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი. ახალგაზრდა თაობა ამ დროს საკუთარ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა ახმარდეს და ეს არის საკმაოდ დიდი დანაკლისი არა მხოლოდ ახალგაზრდის ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ჯაშმა. 

მისი თქმით, პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს“ ექნება ის ნაბიჯები, რომელიც გუნდს შესაძლებლობას მისცემს, საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

„ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ხელმისაწვდომი ბინათმშენებლობების პროექტი, რომელიც ევროპის არა ერთ ქვეყანაშია დანერგილი და ასევე, ანტიკორუფციული კომისიის საკითხი. ჩვენ გვექნება ის ნაბიჯები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“, – განაცხადა ჯაშმა.

მისი თქმით, პოლიტიკა თავისუფალი უნდა იყოს ბიზნესისგან ისევე, როგორც ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკისკან.

„თუ ჩვენ შევძლებთ, ეს ჯაჭვი გავარღვიოთ, გარწმუნებთ, პოლიტიკის ჩარევის გარეშე ბიზნესის განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნება, პოლიტიკაც ბევრად უფრო სახალხო, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული გახდება და სხვადასხვა ადმინისტრაციასთან უხერხულობებიც არ შეიქმნება“, – განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიის პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი სამართლიანობის აღდგენა იქნება.

„ეს ყველაფერი გვინდა, გავაკეთოთ არა დაპირისპირებებით და შეურაცხყოფებით, არამედ ახალი პოლიტიკური ესთეტიკის შემოტანით – ურთიერთპატივისცემით, თანამშრომლობით და დიალოგით“, – განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში სამწუხაროდ, იმედგაცრუება იგრძნობა და საკმაოდ დაბალია იმის მოლოდინი, რომ პოზიტიური ცვლილებები მოხდება.

„უმეტესობა ახალ არჩევანს ეძებს და შესაძლოა, 2020 წელი იყოს არა მხოლოდ დემოკრატიის ტესტი, არამედ საკმაო მოულოდნელობებით სავსე პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.