ისანში მდებარე N109 ბაგა-ბაღი ავარიულობის გამო, 18 აპრილიდან დაიხურება
ისანში მდებარე N109 ბაგა-ბაღი ავარიულობის გამო, 18 აპრილიდან დაიხურება

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე N109 ბაგა-ბაღი ავარიულობის გამო, 18 აპრილიდან დაიხურება.

გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მიიღეს. დოკუმენტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დღეს გადაეცა.

როგორც სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.

ამისათვის კი საჭიროა, დეტალური კვლევის საფუძველზე რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება. საექსპერტო დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მიწისძვრის შედეგად შენობის ნგრევის მაღალი რისკის გამო, მასში საბავშვო დაწესებულების განთავსება მიზანშეუწონელია.

N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება.

გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.

როგორც ბაღების სააგენტოში პირველ არხს განუმარტეს, ბაღის უკანა კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა, წინა ფლიგელი კი არ გარემონტებულა, თუმცა, მათივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მთელი შენობის ავარიულობაზეა საუბარი.