მარიამ ჯაში - შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად პროცესი პოლიტიკურ დიალოგში უნდა გადავიდეს
მარიამ ჯაში - შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად პროცესი პოლიტიკურ დიალოგში უნდა გადავიდეს

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გმობს გუშინ ცესკო-ს შენობასთან აქციის მონაწილეთა მიმართ გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენებას, – ამის შესახებ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად პროცესი პოლიტიკურ დიალოგში უნდა გადავიდეს, სადაც მონაწილეები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გმობს გუშინ ცესკო-ს შენობასთან აქციის მონაწილეთა მიმართ გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აქციას არბევენ, ჩვენ თანაბრად დავიცავთ თითოეული თანამოქალაქის უფლებას, პოლიტიკური ნიშნით ვერ დავყოფთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ტოტალური გაყალბების გამო. ჩვენი პარტიის მოთხოვნა გახლდათ, რომ დამდგარიყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, ხოლო გუშინ ცესკო-სთან განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობთ, თამარ ჟვანიამ თავად უნდა მიიღოს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, რადგან ეს იქნება ერთადერთი მორალურად და პროფესიულად გამართლებული ნაბიჯი, არც ერთი თანამდებობა არ ღირს შენი ხალხის დარბევით. ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობა იყო უმნიშვნელოვანესი, როგორც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის გამოსავლის ძიებაში, ასევე პანდემიის ფონზე მასობრივი აქციების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ შევხვდით გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის ელჩებს და ვთხოვეთ, რომ შემდგარიყო 8 მარტის ხელშეკრულების მსგავსი დიალოგის ფორმატი.  მივესალმებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიერ გაკეთებულ განცხადებას. ვფიქრობთ, აუცილებელია, ქუჩის აქციების დიალოგის მაგიდასთან გადმოტანა. აქვე, ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ ჩავერთოთ აღნიშნულ დიალოგში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, პარტია არ უერთდება ოპოზიციის აქციას, რადგან აღნიშნულ აქციაზე დომინანტი ძალა კვლავაც „ნაციონალური მოძრაობაა“.

„როდესაც ჩვენი პარტიის სამი დამფუძნებელი გახლდათ პოლიტპატიმარი და პოლიტიკურად რეპრესირებული წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ აქციას ვერ შევუერთდებით. რაც შეეხება, ჩვენს პოზიციას არჩევნების არალეგიტუმურობასთან დაკავშირებით, გაყალბებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად თანხვედრაში. ჩვენ ასევე ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.