მანუჩარ მარკოიშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი - „რეჯინა“ ბოლონიაში დამარცხდა
მანუჩარ მარკოიშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი - „რეჯინა“ ბოლონიაში დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში მანუჩარ მარკოიშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „რეჯინაში“ გადასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ გუნდის მაისურით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ბოლონიაში, ადგილობრივ „ვირტუსთან“ წაგებულ მატჩში მანუჩარმა 25 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ქართველი ლეგიონერი ამ მაჩვენებლით ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული გახლდათ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა.

მარკოიშვილმა 10 დან 6 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი ზუსტი საშუალო და 5 საჯარიმო ტყორცნა მიაყოლა. რეჯო კალაბრიულმა გუნდმა თამაშის მესამე მეოთხედი ჩააგდო, რომელიც 11 ქულის სხვაობით დათმო. დასკვნით მეოთხედში, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო და 75-85 დამარცხდა.

უჩვეულოდ სუსტი თამაში ჩაატარა ამადეო დელა ვალემ. რიჯიო ემილიელთა ლიდერმა მხოლოდ 6 ქულის გაკეთება შესძლო. ბოლონიელთა შორის საუკეთესო მარკუს სლოტერი გახლდათ. იტალიური კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ლეგიონერმა 15 ქულა და 9 მოხსნა მოიპოვა. 14 ქულაა იტალიის ნაკრების უკანახაზელის ალესანდრო ჯენტილეს მონაგარი. ამ მარცხის შემდეგ, „რეჯინა“ იტალიის ჩემპიონატში 12-ე ადგილზეა.

მომდევნო ტურში, მასიმილიანო მენეტის გუნდი, ლიდერ „აველინოს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.