დიქსონის გარეშე მოთამაშე „ტიტები“ „კაკტუსთან“ ბოლო წუთებზე დამარცხდა (ფოტო)
დიქსონის გარეშე მოთამაშე „ტიტები“ „კაკტუსთან“ ბოლო წუთებზე დამარცხდა (ფოტო)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი ორი მატჩიდან პირველში, არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსმა“ ერთობ პრინციპულ დაპირისპირებაში „ტიტებს“ სძლია. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ჩინებულად ითამაშა ბოლო პერიოდამდე, თუმცა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩააგდო და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 65:75 დამარცხდა.

არადა, „ტიტებმა“ საკმაოდ რთული სიტუაციიდან დაიძვრინა თავი, როცა 5:19 ჩამორჩენილმა თამაში დაალაგა და 14-ქულიანი ჩამორჩენა მეორე პერიოდშივე გააბათილა. გუჯა ბირკაიას ორქულიანით თამაშის მე-19 წუთზე „ტიტები“ 25:24 გალიდერდა.

დიდი შესვენების შემდეგ „ტიტებმა“ გუნდური თამაშის წყალობით 11-ქულიანი ლიდერობაც მოიპოვეს და თითქოს მეტოქე წელში გატეხეს, მაგრამ სწორედ ამ დროს გაუძღვა კაკტუსელებს სამაი ჰეინს-ჯონსი. გუნდის ამერიკელი ლიდერი თითქმის შეუჩერებელი იყო და თანაგუნდელებიც აიყოლია.

ჯონსმა მესამე პერიოდის დამასრულებელ სირენასთან ერთად ჩაგდებული შორეული სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 51:51, რის შემდეგაც „კაკტუსმა“ სადავეები ხელთ იპყრო და ბოლო პერიოდში ისე ჩაამთავრა თამაში, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი 18 ქულითა და 17 მოხსნით ეი ჯეი სამბრიმ დააფიქსირა,  სამაი ჰეინს-ჯონსი კი 26 ქულით ბომბარდირი გახდა. „ტიტებშიტაილან ბირტსმა 13 ქულა მიითვალა, ხოლო თემურ ბაბუნაშვილმა – 11.

„ტიტებს“ ვერ დაეხმარა ამერიკელი მაიკლ დიქსონი, რომელიც 2016-17 წლებში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

„მაიკლს „ოლიმპთან“ მატჩისას კუნთი გაეჭიმა და ვერ ვარჯიშობს. ექიმების რეკომენდაციით მას მკურნალობა და დასვენება სჭირდება. შესაბამისად, დანამდვილებით იმის თქმაც რთულია, დაგვეხმარება თუ არა იგი მომდევნო მატჩში“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას „ტიტების“ გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ.

„ტიტებს“ უახლოესი მატჩი 23 დეკემბერს შინ, „ბათუმთან“ ელის. „კაკტუსი“ კი 27 დეკემბერს ქუთაისს უმასპინძლებს.